პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო სადილი გაიმართა

18/07/2017

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს და მარინა პოროშენკოს პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით სახელმწიფო სადილი გაიმართა.
საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და უკრაინელ და ქართველ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის და ჩვენი ხალხებიც ერთმანეთთან მტკიცედ არიან დაკავშირებულნი საერთო ღირებულებებითა და ინტერესებით. ჩვენი ქვეყნები ღირსეულად ამაყობენ მდიდარი ისტორიით, ტრადიციებითა და იმ დიდი კულტურით, რომელიც ჰუმანიზმისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მატარებელია.
საქართველოს პრეზიდენტმა ზახი გაუსვა განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობას, რომელის საფუძველსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი უკრაინისტიკის ინსტიტუტი და უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ნაციონალურ უნივერსიტეტში არსებული ქართველოლოგიის კათედრა წარმოადგენს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურ ვახშამზე აღნიშნა,
ისტორიული და კულტურულ კავშირებთან ერთად, ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ინტერესები, ღირებულებები, თავისუფლების სიყვარული და თავგანწირვა ჩვენი და ჩვენი მეგობრების უკეთესი მომავლისათვის.
“გარდა ამისა, უკრაინა და საქართველო საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენი ქვეყნები კვლავაც იბრძვიან საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. ჩვენ მივისწრაფვით საერთო მიზნისაკენ – ავაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოები და განვავითაროთ თანამშრომლობა, რომელიც ყველასათვის კეთილდღეობის მომტანია.
ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ამ ბრძოლაში მტკიცედ ვდგავართ ერთმანეთის გვერდით.
მჯერა რომ, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენს ქვეყნებში აღარ იარსებებს გამყოფი ხაზები და ოკუპირებული ტერიტორიები.
მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელსაც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა სტრატეგიულ ხარისხში გადაჰყავს. ჩვენ საფუძველს ვუყრით თანამშრომლობის ახალ ეტაპს, რომელიც მრავალი სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ხალხებისათვის” –
გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და საპასუხისმგებლო საქმიანობაში შემდგომი წარმატებები, უკრაინელ ხალხს კი, მშვიდობიანი მომავალი და კეთილდღეობა უსურვა.
უკრაინის პრეზიდენტის პეტო პოროშენკოს განცხადებით საქართველოს და უკრაინას საერთო მიზნები, საერთო ინტერესები და საერთო გამოწვევები აქვთ.
“2008 წელს საქართველოს უბედურება უკარიანის უბედურება გახდა. ამ რთულ დროს ჩვენ მუდმივად თქვენთან ერთად ვიყავით. და უკვე 2014 წელს უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიისას მაშინვე ვიგრძენით ქართველი ხალხის მხარდაჭერა. რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ საქართველო იყო ერთერთი პირველი ვინც უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა’, – აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0