პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალებების რაოდენობით რეკორდსმენი ნამდვილად არ არის

01/02/2018

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალებების რაოდენობით რეკორდსმენი ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც საუბარია რეკორდებზე, ყველამ უნდა ნახოს ციფრები.

“ამ ცვლილებებით შეწყალებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა როგორ შეიცვლება, ამის წინასწარ განჭვრეტა არ მგონია ადვილი იყოს, არ ვიცით რა ტიპის საქმეები მოვა და ა.შ. შეწყალების კომისიას სამუშაო გაეზრდება, მეტი საქმე შემოვა, შეიძლება გადაწყვეტილება არ იყოს უპირობოდ მსჯავრდებულთა სასარგებლო, ვინაიდან კომისია ჩვეულებრივ იმსჯელებს. ალბათ შეწყალებულთა რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ არსებითად არ გაიზრდება კეთილგანწყობა დანაშაულისადმი.
რაც შეეხება სტატისტიკას, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ სულ შეწყალებული იქნა 3 671 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი, მათ შორის 3438 მსჯავრდებული პირი, მათგან 2384 გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხსნისგან, ხოლო 1054-ს შეუმცირდა მოსახდელად დარჩენილი სასჯელი. მხოლოდ 233 პირი საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული იქნა პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში – 2004 წლიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე, სულ შეწყალებულ იქნა 34 947 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი, მათ შორის 3077 მსჯავრდებული პირი, რომელსაც რეკომენდაცია გაუწია შეწყალების კომისიამ.

“დანარჩენი 31 870 პირიდან მიხეილ სააკაშვილმა 8950 პირი შეიწყალა პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში, ხოლო 22 920 პირი გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის შემდგომი მოხდისგან და მოეხსნა ნასამართლეობა”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში არ შევა.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება არ შევა შეცდომაში ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელი, არგუმენტებს მოკლებული და ცილისმწამებლური რეპლიკების შემდგომ, რომელსაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ან პირების მხრიდან ისმენენ საქართველოში”, – განაცხადა ქორიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0