პრეზიდენტი მმართველ გუნდს საკონსტიტუციო დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს

07/07/2017

პრეზიდენტი მმართველ გუნდს საკონსტიტუციო დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს. ჩვენ რომ არ დავრჩეთ ცალკეული განცხადებების და ურთიერთმოწოდებების ამარა, ალბათ, უკვე საჭიროა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, ბოლო დღეებია ისმის საუბარი იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით აუცილებელია დიალოგი.

”ისმის ამ დიალოგის მზაობაზე საუბარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ პრემიერ კვირიკაშვილის გუშინდელი განცხადება, რომელიც მკაფიოდ მიანიშნებდა ამ საკითხებზე.

საყოველთაოდ ცნობილია ის საკითები, რომელიც ქართულ საზოგადოებაში იწვევდა პროტესტს, რომლის თაობაზეც კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა საერთაშორისო საზოგადოებას. ეს საკითხები იყო ყველა შეხვედრისა და დისკუსიის საგანი, რომელიც ეხებოდა საპარლამენტო არჩევნების სისტემის საკითხს, პრეზიდენტის უფლებამოსილებისა თუ უსაფრთხოების საკითხებს, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ა.შ.

ჩვენ რომ არ დავრჩეთ ცალკეული განცხადებების ამარა, ურთიერთმოწოდებების ამარა, ალბათ, უკვე საჭიროა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. უახლოეს ხანებში, ალბათ, ორშაბათს იქნებ გავმართოთ შეხვედრა, დავიწყოთ დისკუსია და ჩამოვყალიბდეთ იმ საკითხთა ნუსხაზე, რომელთა შესახებაც არის მზაობა კონსენსუსთან დაკავშირებით. დღეს უკვე ყველა ვაცხადებთ იმას, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია არ იქნება მაღალი ლეგიტიმაციის და დაბალი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრას. ამიტომ, ნუღარ დავაყოვნებთ, რაც უფრო მეტი განცხადება გაკეთდება, შესაძლოა, გაჩნდეს ახალი სხვადასხვა საკითხი და ამან ერთგვარი დაბნეულობა გააჩინოს საზოგადოებაში. გადავდგათ კონრეტული ნაბიჯები, შევიკრიბოთ, ჩამოვყალიბდეთ, რა საკითხებზე შეგვიძლია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და რით შეგვიძლია ვუპასუხოთ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მკაფიო მოწოდებას, რეკომენდაციას და მითითებას ამ პროცესთან დაკავშირებით.

თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, ძალიან ბევრი გზის გამონახვა შეიძლება იმისთვის, რომ არსებული პროცესი არც სამართლებრივი ჩარჩოდან ამოვარდეს და მივიღოთ კონსესუსის საფუძველზე შექმნილი დოკუმენტი, გამართული კონსტიტუცია”,- განაცხადა ჩიხრაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0