პრეზიდენტმა ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი გახსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტი, ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში, ძალოსანთა საქართველოს ნაკრებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის დიდი პატივია ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის – „ბათუმი 2019-ის“ მასპინძლობა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს იმის ნიშანია, რომ საქართველომ ძალოსნობის სპორტულ სახეობაში, და არა მხოლოდ ამ სახეობაში, საერთაშორისო სპორტული თანამეგობრობის ნდობა მოიპოვა.

“ეს დიდი დღეა საქართველოსათვის. მსოფლიოს სპორტული სამყაროს ნდობის მოპოვება ჩვენი წარმატებული სპორტსმენების დამსახურებაა, რომლებსაც მინდა მივულოცო ამ შეჯიბრის დაწყება და წარმატება ვუსურვო ჩემპიონატის მონაწილე ყველა სპორტსმენს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ქალი სპორტსმენის, თათია ლორთქიფანიძის საკითხსაც შეეხო.

“მე, როგორც ქალი პრეზიდენტი, არ შემიძლია არ ვიყო აღშფოთებული იმის გამო, რომ ერთ-ერთი ჩვენი გამორჩეული ჩემპიონი თათია ლორთქიფანიძე, გაურკვეველი მიზეზების გამო,ვერ მონაწილეობს ამ ჩემპიონატში და იმედი მაქვს, რომ ეს არ უკავშირდება ქალის მიმართ დისკრიმინაციას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Visited 94 times, 1 visit(s) today