პრეზიდენტმა ნოვრუზ ბაირამი მოსახლეობას მარნეულიდან მიულოცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ქვემო ქართლს ეწვია და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას მარნეულიდან მიულოცა. მარგველაშვილმა დაათვალიერა რაიონების მიხედვით მოწყობილი საგამოფენო კუთხეები და ტრადიციული ტკბილეული და ჩაი დააგემოვნა. პრეზიდენტმა პრემიერთან ერთად ნოვრუზ ბაირამის სადღესასწაულო, ტრადიციული კოცონი აანთო და ასევე ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
“თქვენ ხართ ის ხალხი ვინც ათწლეულების განმავლობაში რეალურად აძლიერებდა ჩვენს სახელმწიფოს. მე თქვენთან ერთად ვზეიმობ დღევანდელ დღეს. მთელი ქართველი ხალხი ზეიმობს დღეს თქვენთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი საყვარელი აზერბაიჯანელი მოქალაქეების უფრო აქტიური ინტეგრაცია ჩვენს სახელმწიფოში. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენა ყველას კარგად ესმოდეს, ყველა კარგად ფლობდეს ქართულ ენას და ერთად ვაშენებდეთ ამ ენის მეშვეობით და ჩვენი ურთიერთობის მეშვეობით ახალ ქვეყანას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში სიტყვით გამოსვლისას. მარგველაშვილი მარნეულში ინთიგამ ისმაილოვის ოჯახს ესტუმრა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. მარნეულში საზეიმო ღონისძიებებს ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

Visited 159 times, 1 visit(s) today