პრეზიდენტს არ რჩება მხოლოდ სიმბოლური კომპეტენციები

06/05/2017

პრეზიდენტს, მაღალი სიმბოლური სტატუსიდან გამომდინარე აქვს ასევე სერიოზული პრაქტიკული დატვირთვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ამბროლაურში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო – სახალხო განხილვისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, იმ სახელმწიფოებში, სადაც პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას, ხელისუფლების უზურპაციის კუთხით არის მინიმალური პრობლემები.

”პრეზიდენტი ხშირად ირჩევა, ხალხის მიერ ან პარლამენტის მიერ იმისთვის, რომ მან დაიკავოს ძალიან მაღალი სიმბოლური თანამდებობა და შეასრულოს მაღალი სიმბოლური ფუნქცია. ეს მაღალი ფუნქცია კი არის სიმბოლური, მაგრამ სარგებლობს პრაქტიკული დატვირთვით. მაგალითად, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ საპარლამენტო სისტემებში, როდესაც პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას, მინიმუმამდე დადის ისეთი საფრთხეები, რომელიც უკავშირდება დემოკრატიის განვითარებას; ხელისუფლების უზურპაციის კუთხით არის მინიმალური პრობლემები და მთავარი მიზეზი რა არის იცით, რომ საპარლამენტო მმართველობაში, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი არის პრემიერ-მინისტრი. ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს შეიძლება ზოგადად ჰქონდე მიდრეკილება იგივე ავტორიტარიზმისკენ. ქართული რალობა ამას აჩვენებს. ჩვენს მოქმედ პრემიერ-მინისტრს მადლობა ღმერთს არანაირი ასეთი მიდრეკილება არ აქვს, მაგრამ კონსტიტუციამ უნდა დაგვაზღვიოს გრძელვადიანი რისკებისგან. იმისთვის, რომ ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება არ გაჩნდეს, მნიშვნელოვანია არსებობდეს უფრო მაღალი სიმბოლური სტატუსის მქონე ფიგურა, რომელიც დააბალანსებს მთლიანად მმართველობას. ეს ინსტიტუტი არსებობს საპარლამენტო მმართველობის მქონე ძალიან ბევრ ქვეყანაში”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხის დასმა ისე, რომ ქვეყანას აღარ უნდა პრეზიდენტის ინსტიტუტი, არასწორია.

”ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ხომ შეიზღუდა თავის დროზე პრეზიდენტის კომპეტენციები და რაღად გვინდა საერთოდ ასეთი პრეზიდენტი. ასე საკითხის დასმა არ არის სწორი, იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტს, მაღალი სიმბოლური სტატუსიდან გამომდინარე, აქვს ასევე სერიოზული პრაქტიკული დატვირთვა. ამასთან, ჩვენს შემთხვევაში პრეზიდენტს არ რჩება მხოლოდ სიმბოლური კომპეტენციები, არამედ რჩება მთელი რიგი ქმედითი უფლებამოსილებები, რომელიც მას იმის საშუალებას აძლევს რომ მიიღოს აქტიური მონაწილება მთლიანად კონსტიტუციური სისტემის მუშაობაში”, – განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0