პრემიერმა გამოფენა – “საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ გახსნა

15/09/2017

უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა, საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში – Cité des Civilisations Du Vin გამოიფინა. გამოფენა სახელწოდებით, „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ექსპოზიცია, რომელიც ცენტრში ქართული ღვინის კულტურას წარმოაჩენს და ქართული მეღვინეობის უდიდეს და უწყვეტ 8 000-წლიან ისტორიას ასახავს, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა. მთავრობის მეთაურმა ქართული საგამოფენო სივრცე ბორდოს მერთან ალან ჟუპესთან ერთად დაათვალიერა. 4-თვიანი გამოფენის მანძილზე, არაერთი ღონისძიება გაიმართება – სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები უძღვებიან. გაიმართა სპეციალურად გამოფენისადმი მიძღვნილი კულტურული და თემატური ღონისძიებებიც. გამოფენას, მხოლოდ პირველი კვირის განმავლობაში, 4 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობდა. ღვინის მსოფლიო დედაქალაქ ბორდოში, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს, გამოფენა – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0