პრემიერ-მინისტრი კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა

23/03/2024

გვინდა, წელსვე დაინერგოს სტაჟირების პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულებს, სტუდენტებს მისცემს საშუალებას, თავიდანვე მარტივად ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში როგორც საჯარო დაწესებულებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაური, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, სტუდენტებს დეტალურად ესაუბრა ინიციატივის არსსა და მიზნებზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობა ახალგაზრდულ პოლიტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

„შემოდგომაზე წარმოვადგენთ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას და კიდევ უფრო მეტს ვისაუბრებთ იმასთან დაკავშირებით, როგორ ვხედავთ, ზოგადად, ახალგაზრდული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, აქ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განათლებას, სპორტს, სხვა მომიჯნავე საკითხებს. ბევრი რამის გამოსწორება, გაუმჯობესება შეიძლება და ეს იქნება ჩვენი საშუალოვადიანი გეგმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რაც შეეხება უშუალოდ კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამას, ჩვენ მას შეგნებულად არ მივეცით საბოლოო სახე; გვაქვს მონახაზი, ჩვენი წინადადებები, შეთავაზებები, მათ შორის ალტერნატიული ვარიანტები; გვინდა, თქვენთან ერთად დავამუშაოთ და მივცეთ საბოლოო სახე ამ პროგრამას. ზოგადად, ჩართულობა არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ყველა გადაწყვეტილება სწორად იყოს მიღებული. როგორი კარგიც არ უნდა იყოს მიზანი, თუ არ არის კარგად გავლილი შესაბამის წრეებთან, მოქალაქეებთან, შესაბამისი დარგის წარმომადგენლებთან, ამ შემთხვევაში თქვენთან, სტუდენტებთან, რა თქმა უნდა, შეიძლება ხარვეზები გაგვეპაროს. ამიტომ გვინდა, რომ მაქსიმალურად დახვეწილი იყოს ის პროგრამა, რომელსაც თქვენთან ერთად დავამუშავებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ახლო მომავალში როგორც კერძო, ისე რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტების სტუდენტებთან გაიმართება.

ირაკლი კობახიძის თქმით, სტაჟირების პროგრამის მთავარი მიზანია, კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ მაქსიმალურად კარგი შესაძლებლობა, დაბრკოლების გარეშე ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში.

„ერთ-ერთი მთავარი, რასაც მოგვცემს ეს სამუშაო პროგრამა, არის ის, რომ თავიდანვე შეიძენთ სტაჟს და გარდა ამისა, მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც შემდეგ მოგცემთ თქვენი პროფესიული კარიერის კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობას”, – მიმართა პრემიერმა სტუდენტებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის 60 სტუდენტი დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0