პრემიერ-მინისტრს ”რესპუბლიკელი” მინისტრების შემცვლელები შერჩეული ჰყავს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას შერჩეული ჰყავს რამდენიმე კანდიდატურა, რომლებსაც ”რესპუბლიკელი” მინისტრების შემცვლელებად განიხილავს, როდესაც ისინი თანამდებობას დატოვებენ. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში განაცხადა. როგორც კვირიკაშვილი განმარტავს, მისთვის უცნობია, თუ როდის დატოვებენ ”რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს.

”რომ ვთქვა ახლა, რომ შერჩეული არ მყავს მათი შემცვლელები, არასერიოზული იქნება, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, მოსალოდნელია მათი წასვლა. თუმცა მათ ამაზე არ უსაუბრიათ – წავლენ თუ არა არჩევნებამდე. მაგრამ ჩემი მოვალეობაა, რომ ვიფიქრო და რა თქმა უნდა, მყავს გარკვეული კანდიდატურების ჩამონათვალი, რომლებსაც ამ სამ თანამდებობაზე განვიხილავ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, წინასაარჩევნოდ, კაბინეტში ცვლილებები გამორიცხული არ არის.

”ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, კალაძე, ხადური და ბაქრაძე – ნაადრევია მათზეც საუბარი, იქნებიან თუ არა სიაში. არ არის აუცილებელი, რომ მინისტრები იყვნენ სიაში. მაგრამ წინასაარჩევნოდ, კაბინეტში ცვლილებები გამორიცხული არაა. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური სარეფორმო გეგმა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეული ცვლილება იყოს. როდის მოხდება, ამაზე პროგნოზებს და მკითხაობას არ დავიწყებ. ცვლილებები ნამდვილად იქნება და არა მხოლოდ სიაში გადასვლის გამო, არამედ ისეც”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრებთან დაკავშირებით აქვს საკუთარი მოსაზრებები და არიან მინისტრები, რომლებთან დაკავშირებითაც არ გააჩნია პრეტენზიები, თუმცა არიან მინისტრები, რომლებთანაც მუშაობის საჭიროებას ხედავს. კვირიკაშვილის თქმით, მის მიერ წარდგენილი მინისტრები, საუბარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილზე და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეზე, დაკისრებულ მოვალეობებს თავს ძალიან კარგად ართმევენ.

Visited 181 times, 1 visit(s) today