მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარების ფონდით დაფინანსებული პროექტების გაცნობა დაასრულა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ყველა დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტის მდგომარეობა ადგილზე იქნა შესწავლილი და გაანალიზებული.
შალვა კერესელიძემ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე პროექტების სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა და მათი მიმდინარეობის ეტაპებს ადგილზე გაეცნო.
მხარის გუბერნატორის თქმით, პრიორიტეტი სამუშაოების ხარისხიანად, ეფექტიანად და ოპერატიულად შესრულებაა, რაშიც გუბერნატორის ადმინისტრაციას და ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სრული მხარდაჭერა აქვს.
„ჩვენთვის მნიშნელოვანია მოსახლეობამ დროულად ისარგებლოს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით და განხორციელებული სამუშაოების შედეგად მიღებული სარგებელი თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახოს,“ – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.
სამინისტროს წარმომადგენლების რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტი გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრით დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაზე სხვადასხვა აქტუალური საკითხები განიხილეს და სამოქმედო პრიორიტეტები განსაზღვრეს.