პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ეძებს

08/04/2016

მთავარი პროკურატურა პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ეძებს. როგორც დღეს, უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე დაკავებული 5 პირის გარდა, მიმდინარეობს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილის, გიგლა შიოშვილის სამძებნო მოქმედებები.

”გიგლა შიოშვილის დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან ის მიემალა გამოძიებას”, – განაცხადეს უწყებაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროს გივი კაციტაძეს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომელთა მიერ განხორციელდა მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

კერძოდ, უწყების მიერ დაკავებულნი არიან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე და შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0