პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება მიმდინარეობს

29/10/2017

პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, დღეს (29 ოქტომბერს) საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს საგამოცდო ტესტირება, რომელში მონაწილეობაც სავალდებულოა, რადგან სახელმწიფო დაფინანსება შეუძლია მიიღოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ და ჰუმანიტარული ლტოლვილის სტატუსის მქონე იმ პირმა, რომელიც გადალახავს პროფესიული ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
პროფესიული ტესტირება ტარდება კომპიუტერულად. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. კონკურსანტმა ტესტირებაზე უნდა დააგროვოს პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი, რათა მოიპოვოს სახელმწიფოს სრული დაფინანსება.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტესტირების შედეგების შემდეგ, თითოეულ აპლიკანტს ექნება შესაძლებლობა გადახედოს რეგისტრაციისას გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ შეცვალოს სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.
პროფესიულ ტესტირებაზე თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტი. საგამოცდო ბარათის დავიწყების და/ან დაკარგვის შემთხვევაში კი, არ შეფერხდეთ და დღის ბოლომდე აუცილებლად გამოცხადდით საგამოცდო ცენტრებში ან სასურველ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
საგამოცდო ბარათში, პერსონალურ მონაცემებთან ერთად, მითითებულია ის საგამოცდო ცენტრი და მისამართი, რომელშიც აპლიკანტი აბარებს ტესტირებას, ტესტირებაზე ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი, ტესტირების ჩატარების თარიღები და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო, ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0