რაც უფრო ადრე შეიძენთ ბილეთს მით უფრო იაფი დაგიჯდებათ

21/04/2017

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ პრეზიდენტი ჯოზეფ ბარადი საქართველოში იმყოფება. დღეს მან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორ ქეთევან ალექსიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა,რომ ბილეთების იაფად შეძენის პრინციპი ადრე დაგეგმვაში მდგომარეობს.
„რაც უფრო ადრე შეიძენთ ბილეთს მით უფრო იაფი დაგიჯდებათ“, – განაცხადა ჯოზეფ ბარადიმ.
როგორც ”ვიზეარის” პრეზიდენტმა განმარტა, საშობაოდ, საახალწლოდ, აღდგომის პერიოდისთვის პიკური მოთხოვნაა, ბილეთების შოვნა უფრო რთულია და ფასებიც შესაბამისად იზრდება. მისივე თქმით, არის თვეები, მაგალითად როგორიცაა თებერვალი და ნოემბერი, როდესაც უფრო იაფად არის ბილეთების შეძენა შესაძლებელი.
როგორც ჯოზეფ ბარადიმ აღნიშნა, ავიაბილეთის მინიმალური ფასი 45 ლარი, საშუალო კი – 150 ლარია, თუმცა თუ მომხმარებელი გაფრენამდე ორი საათით ადრე გადაწყვეტს ბილეთის შეძენას, შესაძლოა ავიაბილეთის ღირებულება 400-500 ლარამდე გაიზარდოს.
ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ავიაკომპანიების მხრიდან ინტერესი ძალიან გაიზარდა. მისი ინფორმაციით, საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის 2017 წლის პირველი კვარტალი ძალიან წარმატებული იყო.
”რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, დაფიქსირდა 81%-იანი ზრდა. სამივე თვე ძალიან წარმატებული იყო. ვფიქრობთ, წლევანდელი ზრდა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე შარშანდელი”, – განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებიდან მხოლოდ 6 თვეში, ავიაკომპანია ვიზეარი 100,000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. გარდა ამისა, 2017 წლის პირველი კვარტლის შედეგებით (იანვარი-მარტი), ავიაკომპანიამ 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 200%-იანი ზრდა დააფიქსირა. მთლიანობაში 2016 წელს, საქართველოში 168,000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა ვიზეარის მომსახურებით, რითაც ხელი შეუწყო ადგილობრივი საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებასა და ადგილობრივ ბაზარზე დამატებით 126 სამუშაო ადგილის შექმნას. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ”ვიზეარის” პრეზიდენტმა ჯოზებ ბარადიმ ფრენის სიხშირისა და მარშრუტების გაზრდის შესაძლებლობაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ გაფართოების ჭრილში მოიაზრება როგორც ფრენის სიხშირის, ასევე მარშრუტების რაოდენობის გაზრდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0