რაჭაში რთველი წარმატებით მიმდინარეობს

12/10/2021

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან ლევან მეხუზლასთან და რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად, ქ. ამბროლაურში ყურძნის მიმღებ ერთ-ერთ პუნქტზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს. შტაბში, ამ ეტაპზე, 30-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველში ერთვებიან. ყურძნის მიმღები პუნქტები 17 ლოკაციაზეა გახსნილი, რაც მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას იძლევა. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ხორციელდება.
ამ ეტაპზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საკადასტრო ამონაწერი 1700-მდე მევენახეს აქვს აღებული. 12 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭის რეგიონში 1000 ტონამდე ყურძენი უკვე დაბინავებულია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0