რა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებზე ხდება ბინების გადაცემა და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს კომისია

07/11/2017

თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის #135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის საფუძველზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა 2056 ფიზიკურ პირთან (მოქმედი და დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე).
2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით უკვე 1342-მდე მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი დაკმაყოფილდა. ბინების განაწილების მორიგი ეტაპი 2017 წლის 6 ნოემბერს განხორციელდა, სადაც 242 საცხოვრებელი ფართი გაიცა. ამჟამად თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტის საფუძველზე ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება, კიდევ 714 მოქმედ, თუ ყოფილ სამხედრო პირთან გააჩნია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურეობრივ სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ 04/04/2014 წლის #441 ბრძანებით შექმნილია კომისია, რომელიც მოქმედი თუ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების კონტრაქტის საფუძველზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრის „საქართველოს თავდავის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ 28/06/2016 წლის #608 ბრძანებაში განსაზღვრული კრიტერიუმებით, კერძოდ:
• ნამსახურეობის წლები;
• გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;
• სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება/მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი;
• სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი;
• სოციალური დახმარების “საარსებო შემწეობის” მიმღები ოჯახის წევრი;
• მრავალშვილიანის სტატუსი (4 და მეტი შვილი) ან არასრულწლოვანი შვილის ყოლა, რომელსაც დადგენილი აქვს „შეზღუდული შესაზლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის“ სტატუსი;
• პირის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის არქონა;
• პირის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის არქონა, როდესაც ის სარგებლობს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართით;
• პირის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის ქონა, რომელიც არ არის გადაცემული სახელმწიფოსგან;
ამდენად, მინისტრის აღნიშნული ბრძანების თანახმად, ყველა კრიტერიუმს გარკვეული ქულა შეესაბამება. ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შერჩევაც, სწორედ ქულათა ჯამის თანმიმდევრობის შესაბამისად ხდება.
კომისიას ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები. მის შემადგენლობაში ასევე არიან გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ფინანსების მართვის დეპარტამენტის, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის, J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის, J-4 ლოგისტიკისა დაგეგმვის დეპარტამენტისა და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსები და იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0