რეგიონისთვის ახალი სადგურის გახსნა უმნიშვნელოვანესია

02/03/2024

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ახალციხეში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა შვედეთის ელჩ ანნა ლიბერგსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროს ვასილ გედევანიშვილთან ერთად ქალაქ ახალციხეში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში შეძენილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგური გახსნეს. ღონისძიებას შვედეთის საელჩოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, რეგიონისთვის ახალი სადგურის გახსნა უმნიშვნელოვანესია, რათა უწყვეტ რეჟიმში მოხდეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და ინფორმაცია შესაბამის უწყებებს დროულად მიეწოდოს. სახელმწიფო რწმუნებულმა ხაზი გაუსვა მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას და პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ქვეყნის მასშტაბით უკვე არსებულ 7 ავტომატურ და 2 მობილურ სადგურს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, 8 ავტომატური და 1 მობილური სადგური ემატა. ახალი სადგურებიდან მიღებული მონაცემები ეტაპობრივად აისახება გარემოს ეროვნული სააგენტოს პორტალზე www.air.gov.ge

Tweet about this on TwitterShare on Facebook0