რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილეს

18/03/2024

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილეს. ფოთის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გასაუმჯობესებლად, „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების“ N5 ცვლილების წერილ-შეთანხმებასა და „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების“ და „2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების“ N5 ცვლილების წერილ-შეთანხმებაში“ ცვლილებები შედის. ხელშეკრულებები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი დოკუმენტით უცვლელი რჩება სესხის ვადები და პირობები, რაც შეეხება ცვლილებას – საქართველოს სხვადასხვა ურბანულ დასახლებაში განხორციელებული წყალმომარაგების პროექტებიდან დარჩენილი, გამოუყენებელი თანხები ფოთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის მიიმართება. ცვლილება მესტიის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობასაც შეეხება და აღნიშნული პროექტის განხორციელება, მოლაპარაკებების დასრულებამდე, გარკვეული ვადით გადაიწევს. კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. კომიტეტის სხდომაზე თემატურ მოკვლევაზე – „მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება“ პირველადი ინფორმაცია მოისმინეს. ​მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მერაბ ქვარაიას ინფორმაციით, თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით ჯგუფის წევრების მიერ უკვე დაწყებულია მუშაობა და ინფორმაციას კომიტეტს წარუდგენენ. კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილმა როგორც უმრავლესობის, ასევე, ოპოზიციის წევრებს მიმართა და თემატური მოკვლევის ჯგუფში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. ​მისი თქმით, როდესაც საუბარია ქვეყნის დეცენტრალიზაციაზე, აუცილებელია სწორი ბალანსის დაცვა და შესაბამისი ინსტრუმენტების დანერგვა. ​კახა კახიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტების მერიების კონტროლის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოებს ქმედითი და ეფექტური მექანიზმები ჰქონდეთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0