რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა

13/09/2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში“ მოისმინა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საანგარიშო პერიოდის მიმოხილვა წარმოადგინა და ბიუჯეტის შესრულების მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-ის ოდენობითაა დაგეგმილი თუმცა, წინასწარი, ივლისის თვის მონაცემებით, რეალური მაჩვენებელი 4,4%-ს შეადგენს.
ინფლაციის მაჩვენებელიც ასევე, დაგეგმილი იყო 4%-ის ოდენობით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5,7 % შეადგინა. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სავაჭრო ბრუნვა ექვს თვეში გაზრდილი იყო 13,5%-ით და 7 თვის მონაცემებით 5 მლრდ 675,2 მლნ დოლარი შეადგინა.
6 თვის განმავლობაში ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებთან რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ ჯამში 1 მლრდ 303,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან 10,9%-ით მეტია.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 9 540 000.0 ათასი ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებული იქნა 4 283 814.2 ათასი ლარი.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება კომიტეტის კომპეტენციის სფეროში შემავალ სამინისტროზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი უმეტეს შემთხვევაში 95%-ზე მაღალია.
კომიტეტის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა მხარჯავი ორგანიზაციების მიხედვით წარმოადგინა.
მისი განცხადებით, 2017 წლის 2 კვარტლის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული გეგმა გადაჭარბებით შესრულდა და სამინისტროს ყველაზე მაღალ ისტორიულ მაჩვენებელსაც გადააჭარბა.
მომხსენებლებმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხეს.
„6 თვის მონაცემებით, საშემოსავლო ნაწილის ყველა მუხლი არის გადაჭარბებით შესრულებული, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ წლის ბოლოს, შემოსავლების ნაწილში დაგეგმილი ბიუჯეტის პარამეტრს გადავაჭარბებთ, რაც ძალიან სასიხარულოა. სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 33%-ით ხოლო იმპორტი 8,8%-ით გაიზარდა, რაც უდავოდ დადებითი მოვლენაა,“-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროს და ფინანსთა მინისტრს, იმისთვის, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პროექტებისთვის ბიუჯეტის გაზრდის საშუალება მიეცა.
გრიგოლ ლილუაშვილი: „საერთო ჯამში რეგიონებში თვითმმართველობების ბიუჯეტის გავლით 800 მილიონი იხარჯება, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება რეგიონული პროექტების დასაფინანსებლად. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს არის რეგიონული განვითარება. მეტი ურბანული ცენტრისა და ინფრასტრუქტურის შექმნა რეგიონებში, რათა შევაჩეროთ ძალიან არასასიამოვნო პროცესი, რასაც რეგიონიდან მსხვილ ქალაქებში მიგრაცია ჰქვია.“
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში“ ცნობად მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0