რევაზ არველაძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

18/10/2017

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რევაზ არველაძემ დღეს პარლამენტის აპარატის სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა. დეპუტატმა სტაჟიორებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სტრუქტურა და საქმიანობა გააცნო. ამის შემდეგ საუბარი, ძირითადად, ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დარგს – ენერგეტიკას დაეთმო. რევაზ არველაძემ ახალგაზრდებს განუმარტა რა ენერგეტიკის არსი და ესაუბრა ენერგეტიკულ სისტემაზე, მის შემადგენელ ნაწილებზე, როგორიცაა წარმოება, გადაცემა, მოხმარება და ა. შ., ამასთანავე ყურადღება დაუთმო იმ საკითხებს, თუ როგორ რეგულირდება ეს სფერო, როგორია ამ მიმართულებით კანონმდებლობა და რას ითვალისწინებს ის.
რევაზ არველაძემ სტაჟიორთა კითხვებსაც უპასუხა. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალით, საქართველოს სატრანზიტო როლით ენერგეტიკის სფეროში და ა.შ. და კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0