”რესპუბლიკური პარტიის” სარეკლამო რგოლი პირდაპირ ურტყამს საქართველოს ინტერესებს

21/09/2017

”დემოკრატიული პარტიის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ”რესპუბლიკური პარტიის” სარეკლამო რგოლი პირდაპირ ურტყამს საქართველოს ინტერესებს და არაჯანსაღ, არაქართულ ინტერესებს ემსახურება.
აღნიშნულის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში „ეკლესიის წინააღმდეგ აღვირახსნილი კამპანია მიდის“.
”რამდენიმე ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს გუნდს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით მოპოვებული სარეკლამო დრო წაგვართვა და ეს დრო გადაუნაწილა მისთვის სასურველ პარტიებს. ეს არ არის მთავარი ტრაგედია. ტრაგედია არის ის, თუ რაში იყენებს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია რეკლამის იმ დროს, რომელიც ჩვენ ქართულ და ეროვნულ ძალას წაგვართვეს. ყოველდღე ეთერში ვუყურებთ უცხოეთის და არა მარტო უცხოეთის ცალკეული ანტიქართული ძალების მიერ წახალისებულ პროპაგანდას საქართველოს ეკლესიის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. მხედველობაში მაქვს რეკლამა, რომელიც ყველა არხზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადის- ”რესპუბლიკური პარტიის” რეკლამა, სადაც საუბარია, რომ საპატრიარქოს მართავენ რუსები, რომ საპატრიარქო არის რუსეთის ინტერესების განმახორციელებელი, საუბარია, რომ საპატრიარქო არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს და საპატრიარქოს დაფინანსება აღარ უნდა განხორციელდეს ბიუჯეტიდან. ეტყობა ადამიანებს, რომლებიც ამას ახალისებენ, დაავიწყდათ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებამდე საქართველოში ალბათ განუზომლად უფრო ნაკლები ტაძარი, ეკლესია-მონასტერი იყო, ვიდრე დღეს, ასევე განუზომლად ნაკლები მრევლი იყო, ვიდრე დღეს არის. უნაკლო მხოლოდ ღმერთია, ეკლესიაშიცაა პრობლემები, იმიტომ რომ პრობლემებია ქვეყანაში. მაგრამ ვინ მისცა უფლება, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმართოს რეკლამა, რომელიც პირდაპირ მიმართულია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინაღმდეგ, მაშინ, როდესაც ჩვენ პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვა „საზოგადოებრივი მაუწყებელზეც“, „იმედზეც“ ელემენტარული რეკლამის გაშვებაზე, რომლითაც თითქოს ეთიკის ნორმები ირღვეოდა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ”რესპუბლიკური პარტიის” სარეკლამო რგოლი პირდაპირ ურტყამს საქართველოს ინტერესებს. ბურჯანაძის თქმით, ის დიდი ხანი იკავებდა თავს რომ განცხადება გაეკეთებინა ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რადგან არ სურდა ეს პოლიტიკურ განცხადებად ჩათვლილიყო.
”მინდა გამოვიყენო დღევანდელი ჩემი გამოსვლა და მივმართო საზოგადოებას, რატომ დუმხართ? სად არის საზოგადოების ხმა? რატომ არ ისმის ქართული საზოგადოების ხმა ქართული ეკლესიის, საპატრიარქოსა და პარტიარქის დასაცავად, როცა ვუყურებთ გაუგებარ პროცესებს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0