რიკოთის მონაკვეთზე ფინანსურ აუდიტს დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიები ატარებენ

11/08/2023

„პირველი შემთხვევა უკავშირდებოდა უბისა-შორაპანის მონაკვეთს, სადაც ჩამოშლილმა ფერდმა დააზიანა კონსტრუქცია. ეს მოხდა დაახლოებით 6 თვის წინ, დღეს კი სიტუაცია უკვე გამოსწორებულია. ხარვეზები აღმოიფხვრა სრულად კონტრაქტორის ხარჯზე და ეს მხოლოდ ამ შემთხვევას არ ეხება, ეს არის ზოგადი პრინციპი – ხარვეზზე ხდება რეაგირება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება გამოსწორებისათვის. მეორე ასეთი მაგალითი იყო ბურჯი, რომელიც არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს და ეს საზედამხედველო კომპანიამ დაადგინა. მანვე გასცა შესაბამისი ინსტრუქცია დემონტაჟზე. დღეს, ახალი ბურჯი უკვე აშენებულია იმ სახით, როგორითაც უნდა ყოფილიყო. აქაც, არავითარი ხარჯი ჩვენ არ გაგვიწევია, გამოასწორა კონტრაქტორმა საკუთარი ხარჯით. რიკოთი მიმდინარე პროექტია და შეუსაბამობებისა და ხარვეზების აღმოფხვრა, მშენებლობის პროცესში, ჩვეულებრივი პრაქტიკაა. მთავარია, შეუსაბამობის გამოვლენა და გამოსწორებისთვის ყველა აუცილებელი ზომის მიღება. სხვა შემთხვევაში, გაწეული სამუშაო არ ანაზღაურდება. ეს პრინციპი, არა მხოლოდ რიკოთზე, არამედ ყველა ჩვენს პროექტზე მოქმედებს და შესაბამისად, საუბარი იმაზე რომ პროექტი ხარვეზებით ხორციელდება და თითქოს ეს ხარვეზი შემოდგომში გარკვეული სახის რისკს წარმოშობს, არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ბრალდება თითქოს ფინანსები უკონტროლოდ იხარჯება, არის აბსურდი და ამისათვის რამდინიმე ფაქტობრივ გარემოებას მოვიყავან. პირველი, არც ერთი გადახდა არ წარმოებს საზედამხედველო კომპანიის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და ფორმების დადასტურების გარეშე. დადასტურებული დოკუმენტაცია იგზავნება საავტომობილო გზების დეპარტამენტში. გადამოწმების შემდეგ, ხდება აღნიშნული დოკუმენტაციის მიწოდება უკვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისთვის, რომელიც, თავის მხრივ, თავად ახორცილებს ანაზღაურების პროცედურებს. ანუ, თანხის გადარიცხვა ხდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან.
თავად საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საერთაშოისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი, მათ შორის, რიკოთის პროექტიც, ყოველ წელს ფინანსურ აუდიტს გადის. ამ ფინანსურ აუდიტს აკეთებენ დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიები. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მერწმუნეთ, ბრალდებები ფინანსების უკონტროლო ხარჯვაზე აბსურდულია“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0