რიმა ბერაძემ ჩუღურეთის მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტი წარუდგინა

21/12/2017

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები მოსახლეობისთვის 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობას განაგრძობენ. მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები დღეს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, დადიანის N 7-ში მცხოვრებ მოსახლეობას გააცნო. რიმა ბერაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტით ჩუღურეთის რაიონისთვის 15 მლნ 038 800 ათასი ლარია განსაზღვრული. მისივე თქმით, გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი – 3 მლნ 077 600 ათასი ლარი ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას მოხმარდება, ხოლო სოციალური მიმართულებით 1 მლნ 575 000 ათასი ლარი დაიხარჯება. როგორც თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა განმარტა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის გაუმჯობესება-ხელშეწყობა კვლავ პრიორიტეტად რჩება, რაზეც მომდევნო წელს 3 მლნ 458 000 ათასი ლარი გამოიყოფა. რიმა ბერაძის თქმით, რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ავარიული სახლების გამაგრება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაც პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. რიმა ბერაძის განცხადებით, მომავალ წელსვე განხორციელდება ფიროსმანის ქუჩის პროექტირება და ამისთვის თბილისის განვითარების ფონდი 1 მლნ ლარს დახარჯავს. დეპუტატის განმარტებით, რაიონის 5 ძირითად ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, განახლდება და აღდგება 40 სკვერი. გარდა ამისა, ჩუღურეთის რაიონს კიდევ 5 ახალი სკვერი შეემატება. ასევე დაგეგმილია 21 სტადიონის აღდგენა. „მომავალ წელს რაიონის ბიუჯეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია გათვალისწინებული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ თითოეული ჩუღურეთელის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის“ – განაცხადა რიმა ბერაძემ ბიუჯეტის წარდგენისას. ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობას რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0