რიმა ბერაძემ ჩუღურეთში სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

22/01/2018

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი რიმა ბერაძე, დღეს, ცხრა ძმის ქუჩაზე, ყოფილი მესამე სკოლის ტერიტორიაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან მარიკა დარჩიასთან ერთად იმყოფებოდა და სკოლის მშენებლობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. 2010 წლამდე ამ ტერიტორიაზე მესამე საჯარო სკოლა ფუნქციონირებდა, რომელიც 300-მდე მოსწავლეს ემსახურებოდა. 2010 წელს მესამე სკოლა დაიხურა და ბავშვები სხვა სკოლებში გადანაწილდნენ, რამაც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა. 300-მდე ბავშვის მშობელმა რაიონის მაჟორიტარის წარმომადგენლობას სკოლის აღდგენის მოთხოვნით მალევე მიმართა. განათლების სამინისტროსა და მაჟორიტარი დეპუტატის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მთავრობამ სკოლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო და სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია. „სულ მალე აქ საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდება და ჩვენი ბავშვები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ სკოლაში განაგრძობენ სწავლას. თითოეული ჩვენგანისთვის ამ საქმის ბოლომდე მიყვანა უმნიშვნელოვანესია. ეს სკოლა ჩვენი რაიონის სიამაყე იქნება“ – განაცხადა რიმა ბერაძემ. სკოლა, რომლის მშენებლობის დასრულებაც 2019 წელს იგეგმება, 500-მდე ბავშვს მიიღებს და 90-მდე ადამიანს დაასაქმებს. ის აფხაზეთის ომში დაღუპული გმირი ზურაბ ძამუნაშვილის სახელობის იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0