რიმა ბერაძე და ირაკლი ფავლენიშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს მარტინა ქვიქს შეხვდნენ

24/02/2017

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და წარმომადგელობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს მარტინა ქვიქს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც შვედეთის სამეფოს საელჩოში გაიმართა, მხარეებმა გენდერულ საკითხებზე იმსჯელეს. კერძოდ, საკრებულოს წევრებმა მარტინა ქვიქს აღნიშნული მიმართულებით თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია და განაცხადეს, რომ მიმდინარე შეხვედრა სწორედ საკრებულოსა და შვედეთის საელჩოს შორის გენდერული თანასწორობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, 2014 წელს საკრებულოში ამ მიმართულებით სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ გენდერული თანასწორობა ყოველთვის წარმოადგენდა ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ მოღვაწეობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას.
დეპუტატებმა შვედეთის ელჩს საკრებულოში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.
როგორც მათ განმარტეს, აღნიშნული საბჭო, რომელიც 2016 წელს ჩამოყალიბდა, თავის საქმიანობას პარლამენტში შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობით ახორციელებს.
შეხვედრაზე, რომელიც საკრებულოში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს აქტივობის ფარგლებში მოეწყო, დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის თაობაზეც ისაუბრეს, რაც თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერულ პოლიტიკას, მის მიზნებს, ამოცანებს, პრინციპებსა და 2017-2020 წლების საშუალო ვადიანი პერიოდისათვის განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
შეხვედრის დასასრულს, მარტინა ქვიქმა თავის მხრივ საელჩოსა და საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე გამოთქვა მზაობა. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოში გენდერული თემების აქტუალობის საკითხს და აღნიშნული მიმართულებით ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0