რიმა ბერაძისა და გიორგი ვოლსკის ინიციატივით ჩუღურეთში ქალთა კვირეულის ფარგლებში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

08/03/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რიმა ბერაძის და პარლამენტის ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ვოლსკის ინიციატივით, „ქალთა კვირეულის“ ფარგლებში ჩუღურეთის რაიონში, ილიას ბაღში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა ჩუღურეთში არსებულმა ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ინანა“, ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ოროველა“ და ჩოხოსანთა ანსამბლმა „შავლეგო“ მიიღეს, რიმა ბერაძემ გახსნა.
„ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ილიას ბაღში ვიკრიბებით. აქ მოსულია ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები, საზოგადოებრივ საქმეებში ჩართული ყველა ქალბატონი.
დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში კი, საზოგადოებრივ აქტივობებში გამორჩეული 31 ჩუღურეთელი ქალბატონი დავაჯილდოვეთ.
მინდა ყველა ქალს მივულოცო დღევანდელი დღე და წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა რიმა ბერაძემ.
საღამოს დასასრულს, ჩუღურეთის რაიონში საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის გამორჩეული ქალბატონების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც რიმა ბერაძის თხოვნით მონაწილეობა ღონისძიებაზე მისულმა სტუმრებმა მიიღეს და ამასთანავე, ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
რიმა ბერაძისა და გიორგი ვოლსკის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამართვა ტრადიციად იქცა.
საზეიმო მიღებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ვოლსკი, თბილისის საკრებულოს წევრები, ასევე საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების და თბილისის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0