როდესაც გზებზე ვსაუბრობთ, ცოტა უხერხული მგონია იმის კითხვა, კეთდება თუ არა რამე

07/02/2024

“როდესაც საუბარია იმაზე, თუ რა გავაკეთეთ ამ წლების განმავლობაში, გეტყვით ციფრებით, 2012 წლამდე აშენებული იყო 68 კმ. მაგისტრალი, ჩვენ ავაშენეთ – 203 კმ გასულ წელს მხოლოდ ერთ წელიწადში გავხსენით 37 კმ მაგისტრალი, წელს კი 90 კმ-მდე მაგისტრალის გახსნა გვაქვს დაგეგმილი. როდესაც გზებზე ვსაუბრობთ, ცოტა უხერხული მგონია იმის კითხვა, კეთდება თუ არა რამე. 2013 წლიდან დღემდე 16 000 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამაში მაგისტრალები არ შედის, ეს არის მუნიციპალური და შიდასახელმწიფოებრივი ცენტრალური გზები, მაგრამ არა აშენებული მაგისტრალები. როდესაც ზოგადად ინფრასტურქტურის განვითარებაზეა საუბარი კიდევ რამდენიმე შედარების გაკეთება შეიძლება, საავტომობილო გზების ბიუჯეტი 2012 წელს იყო 378 მილიონი, ხოლო წელს 1.9 მილიარდია. მთლიანობაში, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ცხრანახევარი მილიარდი ლარი აქვს უკვე დახარჯული სხვადასხვა პროექტში.
თუ 2010 წელს უწყების ბიუჯეტი 25 მილიონს შეადგენდა, 2012 წელს 34 მილიონს, წელს წყალმომარაგების ბიუჯეტი 530 მილიონია და ის ყოველწლიურად მზარდია. წყალმომარაგება-წყალარინების მიმართულებით 2 მილიარდ ლარზე მეტის პროექტები უკვე განხორციელებულია. სამი მილიარდი ლარის პროექტები ამჟამად მიმდინარეობს, როგორც უკვე მოგახსენეთ 100 მდებარეობაში, აქედან 20 ქალაქია, დანარჩენი არის დაბა, სოფელი, კურორტი და ასე შემდეგ” – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების შეკითხვების პასუხად განაცხადა

“ჩვენი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. შესაბამისად, სესხი, რომლის ფარგლებშიც ფინანსდება ესა თუ ის პროექტი, ცალსახად გულისხმობს იმას, რომ ქართულმა მხარემ, ანუ მსესხებელმა აუცილებლად სრულად და ზედმიწევნით ზუსტად უნდა დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი წესები და პროცედურები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული სესხი არ გაიცემა, ხოლო თუ დაფიქსირდა ასეთი შეუსაბამობა ქვეყნის და მსესხებლის მიმართ გათვალისწინებულია სანქციები.
ტენდერები სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად ხორციელდება, დაწყებული სატენდერო დავალების მომზადებით, გამოცხადებით, ვადის დაწესებით, ტექნიკური თუ ფინანსური კრიტერიუმების განსაზღვრით, გამოცდილების გათვალისწინებით და მრავალი სხვა საზომით. მეტიც, ტენდერის თითოეული ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა შეუძლებელია საფინანსო ინსტიტუტების დასტურის გარეშე. მათ შორის, დასტურის შემდეგ ხდება პრეტენდენტის გამარჯვებულად აღიარება და მასთან ხელშეკრულების გაფორმება. ამასთან, მკაცრად გაწერილია, თუ როგორ კომპანიას შეუძლია გაიმარჯვოს ტენდერში, მათი დისკვალიფიკაციის საფუძვლები და არსებობს ე.წ. შავი სიაც.
სანქცირებული კომპანიების სია შედგენილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ და მათ მიერვე ხდება მონიტორინგი. შესაბამისად, ამ სისტემაში შეუძლებელია გამარჯვებული იყოს კომპანია და გაფორმდეს მასთან ხელშეკრულება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს თუნდაც ერთ ამ მოთხოვნას. ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ რაღაც არ ხდება სტანდარტის შესაბამისად, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. პირიქით, ზედმიწევნით ზუსტად არის ყველა პროცედურა დაცული. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან ფორმდება FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულება, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების სახეობაა. ამასთან, ეს ხელშეკრულება სატენდერო დოკუმენტაციის განუყოფელი ნაწილია. ამდენად, პროექტის მართვაც, ხდება FIDIC-ის ხელშეკრულების მუხლების შესაბამისად, რომელშიც, ასევე ჩართულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. არა მხოლოდ შესყიდვის ნაწილში და არა მხოლოდ პროექტის მომზადების, დამტკიცების, დაფინანსების გადაწყვეტილების და სესხის გაფორმების, არამედ შემდეგ უკვე გაფორმებული ხელშეკრულების მართვის ნაწილშიც, შესაბამისი ანგარიშგება ხორციელდება დიდი ოთხეულის მიერ, ფინანსური და ტექნიკური აუდიტებით. ეს ყველაფერი არის ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე და საჯარო. იმაზე საუბარი, რომ რომელიმე პროექტში ისეთი კომპანიაა ჩართული, რომელიც არ შეიძლება იყოს, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“-ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ დასმულ შეკითხვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0