როდესაც საუბარია მცირე მთავრობაზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება

13/07/2018

როდესაც საუბარია მცირე მთავრობაზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, სახელმწიფო მმართველობის ციფრულ ტექნოლოგიაზე მაქსიმალური დაფუძნება ბიუროკრატიას შეამცირებს და დამატებით თანხებს გამოათავისუფლებს.

“დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად, მეორე ინფორმაციული რევოლუცია ხდება – პირველი იყო ინტერნეტი და ახლა არის ბლოკჩეინი, რომელსაც მეორე ინტერნეტსაც კი უწოდებენ.
ეს ტექნოლოგია ჩვენ უნიკალურ საშუალებას გვაძლევს. შეგვიძლია და გვაქვს ამის ბუნებრივი უპირატესობა, რომ მივიღოთ სარგებელი და ამაზე მოვახდინოთ კაპიტალიზაცია,” – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, სარგებელს მიიღებს კერძო სექტორი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრულ ტექნოლოგიას მაქსიმალურად დაეფუძნოს სახელმწიფო მმართველობა.

„თუ სახელმწიფო მმართველობას მაქსიმალურად დავაფუძნებთ ციფრულ ტექნოლოგიაზე, ეს გამოგვითავისუფლებს ბევრ ბიუროკრატიულ პროცესს და ამავდროულად, თანხებს, რომელსაც შემდეგ, შევეცდებით, მივმართოთ იმ პრობლემების დასაბალანსებლად და მოსაგვარებლად, რომელიც მოსახლეობას აქვს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მისივე თქმით, ციფრული მმართველობა მცირე მთავრობის კონცეფციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0