რომეო მიქაუტაძე, რუსთავთან ახლოს, ნავთობისა და გაზის მოპოვების პროცესს გაეცნო

10/08/2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე, რუსთავთან ახლოს, ნავთობისა და გაზის მოპოვების პროცესს გაეცნო.სოფელ მთისძირთან არსებულ ჭაბურღილებს კომპანია Block Energy ჰორიზონტალური
ბურღვების ტექნოლოგიით ამუშავებს, რის შედეგადაც ნავთობისა და გაზის მოპოვების მაჩვენებლები თითქმის გააორმაგა. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2023 წლის ბოლოსთვის, პროდუქციის სახელმწიფო წილი, სავარაუდოდ, 150%-ით მოიმატებს.

„კომპანიას პირველი ფაზის ფარგლებში უნდა დაემუშავებინა ექვსი ჭაბურღილი და აქედან უკვე დამუშავებულია ხუთი. ტექნოლოგია, რომელსაც კომპანია იყენებს, არის ჰორიზონტალური ლულებით დამუშავება, რაც წარმადობის ზრდას რამდენჯერმე განაპირობებს და ეს დაფიქსირდა უკვე არსებული ხუთი ჭაბურღილის დამუშავებისას“, – აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 25 მილიონი ლარია. ხაზგასასმელია, რომ კომპანია ასევე ძალიან აქტიურად მონაწილეობს მიმდებარე სოფლების სოციალურ პროგრამებში და დასაქმებული ჰყავს ადგილობრივი მოსახლეობა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მომავალში აპირებს ზემოთაღნიშნული ტექნოლოგიით დაამუშაოს გაზის საბადოებიც.
Block Energy plc ლონდონის საფონდო ბირჟის საერთაშორისო ბაზარზე რეგისტრირებული ნავთობისა და გაზის საძიებო და მომპოვებელი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ახორციელებს 5 პროექტს საქართველოში. კომპანია ორიენტირებულია როგორც ადრე აღმოჩენილი საბადოების განვითარებაზე, ასევე ახალი საბადოების აღმოჩენაზე ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0