რუსეთში იმ მიზეზს განმარტავენ, რის გამოც ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პრეზიდენტს 9 მაისი არ მიულოცა

10/05/2016

ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს გამარჯვების დღე საქართველოს პრეზიდენტს იმის გამო არ მიულოცა, რომ ქვეყნებს შორის დიალოგის სათანადო დონე არ არსებობს, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა თავის მეზობლებთან, და, ფაქტობრივად, მოძმე ქვეყნებთან კარგი ურთიერთობის მხარდაჭერით, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში იცით იმ კრიზისის წინაპირობები, რომელსაც ჩვენს ურთიერთობაში აქვს ადგილი“, – განაცხადა პესკოვმა.
ჟურნალისტებმა ჰკითხეს მას, რატომ მიულოცა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს სიტყვით გამოსვლის დროს გამარჯვება ქართველ ერს და არა საქართველოს პრეზიდენტს.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ ანალოგიურად პუტინი მოიქცა უკრაინასთან მიმართებაშიც.
„პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ სახელმწიფოთაშორისო დონეზე არსებული კრიზისული ურთიერთობა არ აისახება ჩვენი ერების კეთილ გრძნობებსა და ტრადიციებზე. ეს ეხება ქართველ, უკრაინელ და სხვა ერებს. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა ერს მიმართა“, – განაცხადა პესკოვმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0