რუსთავის მერიაში სკოლამდელი განათლების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსთავის მერიაში სკოლამდელი განათლების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები – პაატა მხეიძე, გიორგი ბეგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმა, არსებული გამოწვევები და სფეროს განვითარებისთვის წარმატებული პოლიტიკის შემუშავების გზები განიხილეს. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს, სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. მოგვიანებით, საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი კერძო სკოლა “მილენიუმში”, რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა. მარიამ ჯაშმა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს ზოგადი განათლების სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 86 times, 1 visit(s) today