რუსთავის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

09/08/2017

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო-რწმუნებულ გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და გუბერნატორის მოადგილემ კახაბერ კობერიძემ დღეს რუსთავის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელი პირები რუსთავში #10, #28 და #15 საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს პირადად გაეცნენ. სკოლებში მოწესრიგდება სველი წერტილები, სასადილოები, გარემონტდება და შეიღებება შენობის კედლები, დერეფნები, ფლიგელები, საკლასო ოთახები, დაიგება ახალი იატაკები. ახალი სასწავლო წლისათვის სასწავლო დაწესებულებები ახალი სასწავლო და საოფისე ინვენტარით აღიჭურვება. სკოლებს სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე „ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა“ და სხვადასხვა დონორების მიერ გამოყოფილი თანხებით უტარდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, წელს საქართველოს მასშტაბით, ჯამურად 63 სკოლის, ქვემო-ქართლის რეგიონში კი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით, 13 სკოლის რეაბილიტაცია ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0