“რუსთავქალაქობა 2017” გაიმართა

16/09/2017

რუსთავში ქალაქის დღესასწაულს ზეიმობენ. “რუსთავქალაქობა 2017“ ადგილობრივებსა და მოწვეულ სტუმრებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა პირადად მიულოცა.
„ ძვირფასო რუსთაველებო და ქალაქის სტუმრებო, თითოეულ თქვენგანს მინდა განსაკუთრებული სითბოთი მოგილოცოთ “რუსთავქალაქობის“ დღესასწაული. თანამედროვე რუსთავი, მიუხედავად ხანმოკლე ისტორიისა, ჩამოყალიბდა მდიდარი ტრადიციებისა და მაღალი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ქალაქად. უამრავ რუსთაველს განსაკუთრებული წვლილი ჰქონდა და აქვს არა მარტო მშობლიური ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. აღსანიშნავია ის მემკვიდრეობითობა, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა ჩვენს ქალაქს. უფროსი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებს ღირსეულად ცვლის ახალგაზრდობა, რომელთა მრავალმხრივი მიღწევები საამაყოა თითოეული ჩვენთაგანისთვის“,-ამ სიტყვებით მიმართა და მიულოცა რეგიონის გუბერნატორმა, ქალაქის ცენტრალურ პარკში შეკრებილ საზოგადოებას.
დღესვე, გრიგოლ ნემსაძემ, ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად დააჯილდოვა საპატიო რუსთაველები და მათ პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, კოსტავას გამზირზე რუსთავის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი და პანტომიმის თეატრის მსახიობების მონაწილეობით “ვეფხისტყაოსანის“ მიხედვით დადგმული თეატრალიზირებული წარმოდგენა გაიმართა. კულტურისა და დასვენების პარკში ჩატარდა ტურნირები ქართულ ჭიდაობაში, კალათბურთში, ფეხბურთში და ნიჩბოსნობაში, მიმდინარეობს კონცერტები და გასართობი შოუ პროგრამები, წიგნებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, აქცია – “მოამზადე საჩუქარი“, რომელშიც მხატვრებთან ერთად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები მონაწილეობენ.
„რუსთავქალაქობა 2017“-ის ფარგლებში ქალაქს საპატიო სტუმრის სტატუსით სტუმრობენ უცხოური დელეგაციების წარმომადგენლებიც. მრავალფეროვანი, სადღესასწაულო პროგრამა დღის ბოლოს გნარდიოზული ფოიერვერკით დასრულდება

Tweet about this on TwitterShare on Facebook0