რუსთავში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნეს

09/05/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლებმა, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, დიდების ხეივანში, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და კიდევ ერთხელ, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა ხსოვნას. ღონისძიების მიმდინარეობისას, ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, აღავლინა რუსთველმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა. შესრულდა რამდენიმე მუსიკალურ ნომერი. ღონიძიების დასრულების შემდეგ, ვეტერანები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სადღესასწაულო სადილზე მიიწვიეს. დღესვე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა პირადად ესტუმრნენ რუსთავში მცხოვრებ, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, გიორგი კობეშავიძეს და სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით სიმბოლური საჩუქარი გადასცეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი ერთჯერადად 600 ლარს, ხოლო ომში დაღუპლთა ოჯახის 209 წევრი 300 ლარს მიიღებს. რუსთავის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში კი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 8 ვეტერანს ფულადი საჩუქრის სახით, პირად ანგარიშზე 150 ლარი, მათთან გათანაბრებულ 36 პირს კი 80 ლარი ჩაერიცხება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0