რუსთავში 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

19/01/2018

რუსთავის საიუბილეო, 70-ე, წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე (გამრეკელი), ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. გუბერნატორმა თეატრის ფოიეში სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული, თემატური გამოფენა დაათვალიერა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა: ,,სწორედ დღევანდელ დღეს, 1948 წლის 19 იანვარს, რუსთავს ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა და ქალაქში განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც დღესაც აქტიურად გძელდება. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტიც სწორედ სწრაფი განვითარების ხელშეწყობაა და რუსთავში, როგორც ქვემო ქართლის რეგიონის ცენტრში ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. სიმბოლურია რომ ახალგაზრდობისა და მეგობრობის ქალაქის საიუბილეო ღონისძიება სწორედ ახალი თაობის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. მათ ძალიან კარგად იციან ქალაქის ისტორია და ცდილობენ არსებული ცოდნითა და გამოცდილებით საკუთარი წვლილი შეიტანონ რუსთავის შემდგომი განვითარების პროცესში. მინდა მადლობა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მივულოცო ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული“-აღნიშნა გრიგოლ ნემსაძემ. ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა რუსთავის ეტალონი მოქალაქე, რომლის სტატუსის მოსაპოვებლად ვიქტორინაში რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა, მათმა მშობლებმა და პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა. ქულათა მაქსიმალური რაოდენობის მოპოვების შედეგად რუსთავის ეტალონი მოქალაქე გიორგი მაღლაფერიძე გახდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0