საარჩევნო ადმინისტრაცია პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შედეგებს განიხილავს

19/06/2017

საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი ინიციატივის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შედეგებს განიხილავს. ცესკოს ხელმძღვანელი პირები და სამუშაო ჯგუფის წევრები საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებთან პროექტის განხორციელებისას მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობენ და განიხილავენ მოსაზრებებს, რომლებიც ამომრჩეველთა მიერ პროექტის ფარგლებში გამოითქვა.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა. ჩვენ, უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად ვიარეთ სოფელ-სოფელ, შევხვდით ხალხს, დაახლოებით 450-მდე შეხვედრა ჩავატარეთ, როგორც მუნიციპალიტეტებში, ისე სოფლებში. გარდა იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე გავიზიარეთ ამომარჩევლელთა მოსაზრებები, ასევე მივაწოდეთ მათ ამომწურავი ინფორმაცია სარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ და დღეს უკვე ვაჯამებთ მოქალაქეებთან შეხვედრების შედეგებს. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, – ერთის მხრივ ამომრეჩევლთა ინფორმირების, მეორეს მხრივ კი, რა თქმა უნდა, ეფექტური კომუნიკაციის, ურთიერთობის და ამომრჩეველთან უფრო ახლოს კონტაქტის თვალსაზრისით“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინიციატივა „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2017 წელს პირველად განხორციელდა. პროექტი 2017 წელს გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა. პირველ ეტაპზე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და მოხალისეებმა მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამომრჩევლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს. მათ მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საინფორმაციო ბარათები დაურიგეს და საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე ესაუბრნენ. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისებისა და საჭიროებების შესახებ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი ამომრჩეველთა მოსაზრებების ბარათში.

გარდა ამისა, საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართა საჯარო შეხვედრები – „ამომრჩევლის დღე“. შეხვედრაზე მისულ დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მნიშვნელობის, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ აწვდიდნენ. საერთო ჯამში 73 საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე 449 შეხვედრა გაიმართა. პროექტი 24 აპრილიდან 31 მაისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლებში, საოლქო საარჩევნო კომისიების 340 წევრისა და 491 მოხალისის მონაწილეობით განხორციელდა.

განხილვა ბორჯომში გაიმართა, რომელშიც ცესკოს თავმჯდომარესთან მოადგილესთან და კომისიის მდივანთან, აღმოსავლეთ საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებთან და მდივნებთან ერთად მონაწილეობდნენ ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ინიციატივის დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში ჩართულები.

შეხვედრები ზემოაღნიშნული ინიციატივის თაობაზე ასევე იგეგმება თბილისის და დასავლეთ საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0