საარჩევნო უბნების ადაპტირებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

11/04/2017

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საარჩევნო უბნების ადაპტირებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადაპტირებული უბნების რაოდენობის ზრდა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია; სწორედ ამიტომ იგეგმება სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ერთობლივი საქმიანობები თვითმმართველობის არჩევნებისთვის ადაპტირებული უბნების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თბილისის მერიისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ აქცენტი არსებული ინფრასტრუქტურის შესწავლის აუცილებლობაზე გააკეთა, რის შემდეგაც სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი. მხარეებმა დღესვე თანამშრომლობის ფორმატი განსაზღვრეს, რომელიც საარჩევნო უბნების ადაპტირების მიმართულებით განსახორციელებელ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს და პროაქტიულს გახდის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ცესკოში 2012 წლიდან მუშაობს და მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნაა. ჯგუფს ცესკოს კორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა ხელმძღვანელობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0