საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები გრძელდება

01/05/2017

საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები გრძელდება. ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე 300 ძირი კვიპაროსი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა მიიღო.
„ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები, დღეს სამგორის რაიონში მწვანდება ის ადგილები, რომელიც მონიშნული გვაქვს გამწვანებისთვის, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე 300-ზე მეტი ნერგი ირგვება, ისე ჯამში, სამგორის რაიონში 500-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება დღის განმავლობაში. 8 რიცხვამდე ვმუშაობთ სამგორის რაიონში, შემდეგ გადავალთ ისანში და ასე გავაგრძელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნარგავების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის ვადით უზრუნველყოფს. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში ხე-მცენარეები ქალაქის ცენტრშიც დაირგვება.
გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება და მაისის შუა რიცხვამდე გაგრძელდება. დღევანდელ აქციაში მონაწილეობა დავით ნარმანიასთან ერთად მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გოგა წერეთელმა, სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა, სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მოსიძემ და მოსახლეობამ მიიღეს.
დედაქალაქის შემოგარენისა და ცენტრალური ტერიტორიების გასამწვანებლად ქალაქის კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებთან შეგუებული შერეული სახეობების ნერგებია შერჩეული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0