საგანგებო შტაბის წევრებმა საკონტროლო შემოფრენა განახორციელეს

04/09/2017

საგანგებო შტაბი კახეთში მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. შტაბის წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელეს და სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ცეცხლის კერები დაათვალიერეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. ცეცხლის ქრობის პროცესი ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ალპურ ზონასა და ტყის ფოთლოვან ნაწილში. ადგილზე არსებული რთული რელიეფური პირობების გამო, მეხანძრე-მაშველები ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებს იყენებენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია სამი ვერტმფრენი. ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები გრძელდება მთა-თუშეთშიც, სოფელ ხახაბოსთან, ტყის მასივში არსებულ ხანძრის კერებზე. რთული რელიეფის მიუხედავად, მთის ფერდობზე შესაძლებელი გახდა წყლის ხელოვნური რეზერვუარების დამონტაჟება და კერების დამუშავება. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს ვერტმფრენი. ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავებას. ცოცხალი ძალა ადგილზე ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე დარჩება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0