საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრები

21/01/2016

2016 წლის 21 იანვარს, დავოსში, “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვდრები გამართა ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, სებასტიან კურცთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პაოლო ჯენტილონისთან და მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლუნდეგ პურევსურენთან.
სებასტიან კურცთან შეხვედრისას მინისტრებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის უკვე ჩამოყალიბებული ორმხრივი ურთიერთობების ფორმატები. ხაზი გაესვა ავსტრიის მხარდაჭერის მნიშვნელობას ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში და ზოგადად საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა თავის ავსტრიელ კოლეგას საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნის შესახებ გადაწყვეტილების გამო. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ავსტრიის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი ნიშანია.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
პაოლო ჯენტილონიმ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მიმართ.
ლუნდეგ პურევსურენთან შეხვედრისას მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ “აბრეშუმის გზის” ფარგლებში არსებული პროექტები, ასევე საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ახალ შესაძლებლობებს უხსნის მონღოლეთსა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.
მხარეები შეთანხმდნენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გამართვაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0