საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2017 წლის პირველი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა

08/06/2017

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2017 წლის პირველი კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2017 წლის იანვარი-მარტის პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.
ანგარიში მომზადდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით. ის ეყრდნობა ღია წყაროებს და მისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, მათი მხრიდან სათანადო რეაგირების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა ადამიანის უფლებების ისეთი უხეში დარღვევები, როგორიცაა ადამიანების არასათანადოდ მოპყრობა, უკანონო დაკავებები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების, სხვა ხელოვნური ბარიერებისა და ბანერების დამონტაჟების პროცესი აღნიშნულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.
უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში დაიხურა კიდევ ორი გამშვები პუნქტი აფხაზეთის რეგიონის გასწვრივ საოკუპაციო ხაზზე. საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოხატა შეშფოთება ორი დამატებითი გამშვები პუნქტის დახურვის გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ექნება უარყოფითი შედეგი გადაადგილების თავისუფლებაზე და შესაბამისად უმნიშვნელოვანეს სფეროებზე, როგორიცა ჯანდაცვა და განათლება, განსაკუთრებით აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის გალის რაიონის მაცხოვრებლებისათვის. საერთაშორისო თანამეგობრობის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ გაზრდის ინციდენტების, განსაკუთრებით დაკავებების რისკს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2017 წლის პირველი კვარტალური ანგარიში

Tweet about this on TwitterShare on Facebook0