საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ბანგლადეშში იმყოფება

12/09/2017

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, სამხრეთ აზიის ქვეყნებში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ეწვია ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ დაკას. დელეგაციის შემადგელობაშია ბანგლადეშში საქართველოს საგანგებო და სრულულფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. ნიუ დელი) არჩილ ძულიაშვილი და სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის აზიის ქვეყნების სამმართველოს უფროსი ნანა გაფრინდაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში 2017 წლის 11 სექტემბერს გაიმართა დავით ჯალაღანიას შეხვედრა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან აბულ ჰასან მაჰმუდ ალისთან, რომლის დროს მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ბანგლადეშს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა პარლამენტთაშორისი კავშირების გამყარების აუცილებლობა და ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სამართლებრივი ბაზის განვითარების მნიშვნელობას. შეხვედრის დროს საუბარი ასევე შეეხო დარგობრივი თანამშროლობის პერსპექტიულ მიმართულებებს, როგორიცა ტურიზმი, განათლება, მსუბუქი მრეწველობა და ფარმაცევტიკა; მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია სამხრეთ კავკასიისა და აზიის რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ; გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ ნაყოფიერი თანაშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ბანგლადეშის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ.
იმავე დღეს შედგა დელეგაციის შეხვედრები ბანგლადეშის ტანსაცმლის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიების გაერთიანებული ასოციაციის (BGMEA) ვიცე-პრეზიდენტთან მოჰამედ ნასირთან და კომპანია „BITOPI Group Ltd“-ის მმართველ დირექტორთან მირან ალისთან, რის შემდეგ დელეგაცია ეწვია ქ. ნარაიანგანჯის ექსპორტის ხელშეწყობის ზონაში (EPZ) მდებარე მსოფლიოში უმსხვილეს ტანსაცმლის მწარმოებელ ქარხანას RMG Factory (Remi Holding Ltd), რომელიც ცნობილია წარმოების პროცესში მწვანე და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით მიღწეული წარმატებებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0