საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა

20/12/2017

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს. სხდომაზე საკითხი განსახილველად საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჯანელიძემ წარადგინა. მისი განმარტებით, ეს გამოწვეულია მთავრობის კომპლექსური გეგმით, რაც ითვალისწინებს იმგვარ ცვლილებებს, რომელიც კიდევ უკეთ უპასუხებს ახალ გამოწვევებს, მოემსახურება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას.

„მმართველობითი სტრუქტურის ცვლილების მიზანია, ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი აპარატი, მოხდეს რესურსების მაქსიმალური ოპტიმიზაცია, ბიუროკრატიის შემცირება და უფრო ეფექტური მართვის უზრუნველყოფა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით რეფორმის პროცესში მოხდა საგარეო საქმეთა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერწყმა.

„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა რომ ეს ორი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, ხშირ შემთხვევაში ფუნქციების დუბლირება ხდებოდა. აღნიშნული ცვლილება სწორედ, მიმართულია იმისკენ, რომ გამოირიცხოს პარარელიზმი, დუბლირება, თანაკვეთა და შესაბამისად, საქმიანობა წარიმართოს უფრო ეფექტურად“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასვლა ხაზს უსვამს მთავრობისთვის საკითხის პრიორიტეტულობას, ვინაიდან აღნიშნული ფუნქციები დაეკისრება არა სახელმწიფო მინისტრის აპარატს, არამედ უწყებას, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება, რესურსი და შესაძლებლობა გააჩნია.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. „ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა დრო და ენერგია არ დაიშურა, რომ საქართველო საგარეო ასპარეზზე წარმოეჩინა, როგორც რეგიონული ლიდერი, რომელიც სწრაფად და მდგრადად ვითარდება, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცულია და სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპული და ევროატლანტიკური გაცნობიერებულად აქვს გაკეთებული. „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ღრმა და ინტენსიური, როგორიც არის დღეს. ევროინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლების საგარეო და შიდა პოლიტიკის მთავარი ქვაკუთხედია. ჩვენი მიზნები არის ძალიან კონკრეტული, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები თანამიმდევრული, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობას“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ნატოში გაწევრიანება.

„ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და ის ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარებისთვის წინაპირობაა“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა ქვეყნის უმთავრეს საგარეო პრიორიტეტად რჩება. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის თვალსაზრისით არის უპრეცენდენტო, რაც განცხადებებში, რეზოლუციებსა და გადაწყვეტილებებში ნათლად აისახა.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ქვეყანა კვლავ გააგრძელებს სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან.

მომხსენებელმა აქტიურად ვითარდებოდა ევროპისა და აზიის დედაქალაქებთან განვითარებულ ორმხრივი ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება, რამაც მისივე თქმით, შედეგად მათი პოლიტიკური მხარდაჭერა და გაზრდილი ეკონომიკური კავშირები მოიტანა.

„ჩვენ ეკონომიკურ წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რომ საქართველო იმკვიდრებს თავს მსოფლიოში, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო და ენერგეტიკული ჰაბი და ჩართულია მნიშვნელოვან რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას, მომხსენებელმა, სამ ძირითადი მიმართულებას გაუსვა ხაზი. ეს არის:

საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მაქსიმალური უზრუნველყოფა ქვეყნის დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში;
რუსეთთან რაციონალური პოლიტიკის წარმართვის საფუძველზე, ქვეყანაში უსაფრთხო და სტაბილური ჩამოყალიბება
ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა და ქვეყნის განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესით მიღებული სარგებლის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის გაზიარება.
მან ამ მიმართულებით წელს მიღწეულ პროგრესზე დეტალურად ისაუბრა.

საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ევროპული მომავალი, რომლის მიზანი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობაა, ჩვენი საზოგადოების არჩევანს წარმოადგენს.

„ევროპული ინტეგრაცია უზრუნველყოფს სტაბილურობას, დემოკრატიის კონსოლიდაციას, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებს, მდგრად განვითარებას და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა.
მან საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ქვეყნის ხედვაზე და ახალ ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც საგზაო რუკის შემუშავებას უკავშირდება.

მომხსენებლის თქმით, იმისათვის, რომ კიდევ უფრო კონცენტრირებული იყოს მუშაობა ევროინტეგრაციის მიმართულებით, იგეგმება ევროკავშირისკენ საგზაო რუკის შემუშავება, რომელიც კონცეპტუალურად ოთხ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:

საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის სრული და ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით.
ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების მიღმა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის პროცესი
6 ნაბიჯი, ანუ ის სხვაობა, რაც არსებობს ასოცირების შეთანხმებასა და კიდევ უფრო მეტ ევროპულ კანონმდებლობასთან და ინსტიტუციურ პრაქტიკასთან დაახლოებას შორის, ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, ანუ ასოცირების შეთანხმების მიღმა ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოება, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან მაქსიმალური ინტეგრაცია, ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდა, ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაცია და გაღრმავება; თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გაძლიერებული თანამშრომლობა და ევროკავშირთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთკავშირების გაღრმავება;
აქტიური მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის „20 შედეგი 2020 წლისათვის“ დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად“.
მისივე ინფორმაციით, ევროინტეგრაციის პროცესი წარიმართება ევროინტეგრაციის კომისიის მიერ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს ხელშემწყობ ფაქტორს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარებისთვის. მისივე თქმით, საქართველო მიზანმიმართულად გააგრძელებს ძალისხმევას, რათა პრაქტიკულად განხორციელდეს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატოს წევრი“.

მომხსენებელმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით, მიმდინარე წელს მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ალიანსში საქართველოს დაჩქარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე. მისი თქმით, არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებით გაგრძელდება ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ეფექტიანი განხორციელება, რომლის მიზანია, ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების და ალიანსთან თავსებადობის ამაღლება, რაც დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მომზადებაში. ასევე, გაგრძელდება მუშაობა ვარშავის სამიტზე მიღებული ახალი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.

„საქართველო კვლავ იქნება ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამოცანებს, ასევე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძემ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და როგორც აღნიშნა, საქართველოს მთავრობა კვლავ გააგრძელებს სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან. მომხსენებლის თქმით, საქართველოს მთავარი საგარეო-პოლიტიკური ამოცანების განხორციელების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი იქნება დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიულ დონეზე აყვანა და ტრადიციულ მოკავშირე ევროპულ ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელება და შემდგომი გაღრმავება. საქართველოს მთავრობა ასევე, გააგრძელებს მუშაობას საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგების ევროპის ქვეყნებში სრულფასოვნად წარმოჩენისა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის გაზრდის უზრუნველყოფის მიმართულებით.
რეგიონულ პოლიტიკაზე საუბრისას მიხელ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობდა და კვლავ წარმატებით გაგრძელდება ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განმტკიცება და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ სახელმწიფოებთან თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან. „ჩვენი მიზანია საქართველომ შექმნას მაქსიმალური შესაძლებლობები რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის და ეკონომიკური განვითარებისთვის“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, აღმოსავლეთის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მიხეილ ჯანელიზძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს დინამიურ თანამშრომლობაზეც ისაუბრა.
რუსეთთან საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას ვიცეპრემიერმა აღნიშნა, რომ გაგრძელდება სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების ხელშეწყობა, რაციონალური და დეესკალაციის პოლიტიკის ფარგლებში.
მინისტრობის კანდიდატმა, მრავალმხრივი დიპლომატიის მიმართულებით წელს მიღწეული წარმატებებიც აღნიშნა. ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ და კულტურულ დიპლომატიაზე.

„საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა არის ჩვენი მიზანი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ და ამ მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატმა ქართულ დიასპორასთან კავშირების გამყარებასა და საქართველოს განვითარების პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობაზე ისაუბრა.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კონტაქტების განმტკიცება. მთავრობის მიზანია სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაცია, სისტემატიზაცია და არსებული პრობლემების ერთიანი ძალისხმევით მოგვარება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ და აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად იქნება ჩართული იმ ცალკეული სოციალური საკითხების გადაჭრის პროცესში, რომლებიც ქართულ დიასპორას აწუხებს.

მისივე თქმით, მთავრობის პოლიტიკა მიმართული იქნება იმისკენ, რომ განხორციელდეს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მათი ოჯახის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში, ასევე ხელი უნდა შეეწყოს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეულ დაბრუნებას.
მინისტრმა იმ ინსტიტუციურ რეფორმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც უწყებაში ხორციელდება.
მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რის შემდგომაც, ფარული კენჭისყრის შედეგად, მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას პარლამენტის წევრებმა ნდობა გამოუცხადეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0