საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა

20/04/2018

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის რეგლამენტის 251-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი წარადგინა.

„უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და პოლონეტის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მთელი ამ წლების განმავლობაში პოლონეთი მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს, ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და მათი თანადგომა იყო განსაკუთრებული, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის და კონკრეტულად, ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის. მე მქონდა ოფიციალური ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ამ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის, სწორედ, ამ შეთანხმების გაგრძელებაა დღევანდელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოვადგენთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მოხდა შეთანხმება, რომ შეიქმნებოდა ორმხრივი საპარლამენტო ასამბლეა, რაც ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის თანამშრომლობას ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანს.
დოკუმენტის მიხედვით საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას, როგორც ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების, საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანოებში მათი ინტერესების შესაბამისად საქმიანობის კოორდინაციის და ამ ქვეყნების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, საქართველოს პარლამენტი გამოხატავს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ნებას.
საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: გიორგი ვოლსკი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ირაკლი აბესაძე, გიორგი ბრეგაძე, თინათინ ბოკუჩავა, ნინო გოგუაძე, გოჩა ენუქიძე, სერგი კაპანაძე, გიორგი ლომია, ენძელა მაჭავარიანი, გელა სამხარაული.
როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ აღნიშნა, კომიტეტი მიესალმება საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ინიციატივას და მხარს უჭერს აღნიშნულ ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმოდგენილ წევრებს.
დასასრულ, კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ“ საქართველოს დადგენილების პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0