საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი “CinéDOC–Tbilisi” იწყება

10/05/2017

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, იწყება რიგით მეხუთე საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი “CinéDOC–Tbilisi”. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 10 მაისს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოდზიუნასი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორი ფელიქს ჰეტი, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი, გოეთეს ინსტიტუტის კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენელი თამთა გოჩიტაშვილი და “East-West Management Institute”-ის ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი თამარა გურჩიანი. დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “CinéDOC–Tbilisi” ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 16 მაისს დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. “CinéDOC-Tbilisi” წელს, 5 წლის ხდება და მაყურებელს მრავალფეროვან, მასშტაბურ ღონისძიებებს სთავაზობს – კინომოყვარულებს საშუალება ექნებათ ნახონ 67 დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. წლევანდელ ფესტივალს გერმანელი რეჟისორის, კაროლინ გენრეიტის ფილმი „ბედნიერი“ გახსნის. ფილმი 60 წლის მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელიც თავისი წილი ბედნიერების საპოვნელად შორეულ ტაილანდში გაემგზავრება და საბოლოოდ იპოვის კიდეც მას. გახსნის ცერემონიალს რეჟისორი და მისი მამა (ფილმის მთავარი გმირი) დაესწრებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0