საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2017 წლის ზრდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.3 პროცენტამდე ზრდის

09/10/2017

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2017 წლის ზრდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.3 პროცენტამდე ზრდის და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას შთამბეჭდავად აფასებს, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე შეფასებით, დაგეგმილი რეფორმების განხორციელება საქართველოს ეკონომიკის მაღალ და ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს, რაც კერძო ინვესტიციების, წარმოებისა და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.
IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი, უმეტეს შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულდა.
IMF-ის შეფასებით, ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას, ხელი შეუწყო გონივრულმა პოლიტიკამ, ასევე – სავაჭრო პარტნიორების სიმრავლემ, ექსპორტმა, ტურიზმმა და ინვესტიციებმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ შთამბეჭდავად შეაფასა ფისკალური მაჩვენებლებიც და აღნიშნა, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს – შემოსავლები აღემატება პროგნოზს, ხოლო ხარჯები პროგრამის მაჩვენებლების შესაბამისია. ფონდის შეფასებით, მაღალი შემოსავლები, მიმდინარე ხარჯების შენარჩუნების ფონზე, მიიმართება მეტი კაპიტალური პროექტის დასაფინანსებლად და დღგ-ს ზედმეტად გადახდილი თანხების ასანაზღაურებლად.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ფინანსურ სექტორში მიმდინარე რეფორმებს და დადებითად შეფასდა სტრუქტურულ რეფორმებში მიღწეული პროგრესი.
პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფონდთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0