საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მომავალ ხუთწლიან პერიოდში ექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა

23/04/2019

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს მოუსმინა: კომპანია „ომეგას“, საბანკო რეგულაციების, საპენსიო რეფორმის, საგადასახადო წნეხის ზრდის, შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული პირების რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ საკითხებთან დაკავშირებით. ფინანსთა მინისტრმა მოხსენება მცირე ეკონომიკური მიმოხილვით დაიწყო. მისი განცხადებით, საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, მიუხედავად რეგიონში განვითარებული არასახარბიელო მდგომარეობისა, რასაც აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციები და სარეიტინგო სააგენტოები.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მომავალ ხუთწლიან პერიოდში ექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიღწევა. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გაუმჯობესება“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მცირდება ტრადიციული მაკროეკონომიკური გამოწვევები, როგორიცაა: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დოლარიზაცია.

„ორივე მიმართულებაში, ჩვენ გვაქვს შთამბეჭდავი პროგრესი. პირველად, 2018 წლის მესამე კვარტალში, ჩვენ გვქონდა მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მაღალი უმუშევრობა და სიღარიბე და ამ პრობლემების მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია.

„ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული გაუმჯობესება – 2012 წელთან შედარებით სიღარიბე შემცირდა 30,0 პროცენტიდან 21,9 პროცენტამდე, ხოლო უმუშევრობის დონე 17,2 პროცენტიდან 12,7 პროცენტამდე. მიუხედავად ამ საკმაოდ დიდი გაუმჯობესებისა, გვესმის, რომ აღნიშნული მაჩვენებლები კვლავ ძალიან მაღალ ნიშნულზეა, ამიტომაც დადებითი ტენდენცია მაინც შეუმჩნეველი რჩება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანმა, თავის მოხსენებაში, ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს მიმართ გამოთქმულ შეფასებებს.

„აპრილში გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის – „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა“, სადაც საქართველო კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში ეკონომიკური ზრდის პერსპექტივით. ფონდის მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული, რომ მაღალი მოსალოდნელი ზრდა, სწორედ ჩვენ მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად არის მოსალოდნელი. ეკონომიკური რეფორმები არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა ეკონომიკურ ზრდაში, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ხარისხობრივ ზრდაზე, მხოლოდ რეფორმების გზითაა შესაძლებელი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეორე მნიშვნელოვანი შეფასებით – გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა საგარეო რისკებისადმი და სწორედ, აღნიშნულის შედეგად გახდა შესაძლებელი საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესება. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ვალი არის დაბალი რისკის მქონე. ფინანსთა მინისტრი თავის გამოსვლაში მოკლედ შეეხო ყველა იმ საკითხს, რაც პარლამენტის წევრების დაინტერესების საგანს წარმოადგენდა.

შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ როდესაც საუბარია ბიუროკრატიის ანაზღაურებაზე და ბიუროკრატიის ზომაზე, გათვალისწინებული უნდა იყოს ხელფასების ჯამური მოცულობის ეკონომიკის დონესთან შეფარდება.

„არასწორია ნომინალური მაჩვენებლებით საუბარი და აბსოლუტურად უალტერნატივო მაჩვენებელია აღნიშნული ხარჯების ფარდობა ეკონომიკის ზომასთან. შესაბამისად, ბიუროკრატიის ზომა საქართველოში არის მშპ-ის 3.9 პროცენტი. ამ მაჩვენებლებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, „ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსში” ვართ მე-5 ადგილზე მსოფლიოში. რომ შევხედოთ მსოფლიოს 50 გამჭვირვალე ქვეყანას და შევადაროთ ჩვენს შრომის ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯებს, ვნახავთ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა. ბიუროკრატიის სიმცირეზე რომ არსებობდეს რაიმე საერთაშორისო რეიტინგი, აქაც ვიქნებოდით მსოფლიოს ქვეყნების ხუთეულში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საბანკო რეგულაციებზე საუბრისას, ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანია, ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

„მე მესმის, რომ ხშირად ვსაუბრობთ მოკლევადიან ეფექტებზე, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეკონომიკური ზრდის დაჩქარება იყო და არის მთავარი მიზანი საბანკო რეგულაციების შემოღების. საბანკო სისტემის დანიშნულებაა, ეკონომიკაში არსებული დანაზოგები, მიემართოს ინვესტიციებისკენ მაქსიმალურად ეფექტიანად. თუმცა, აქ სამწუხაროდ, წლების მანძილზე ჩამოყალიბებული იყო რამდენიმე არასწორი პრაქტიკა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა, ასევე, საგადასახადო წნეხზე და აღნიშნა, რომ ხშირად საქართველოში რასაც საგადასახადო წნეხს ეძახიან, მთელ მსოფლიოში ამას საგადასახადო სისტემის პროდუქტიულობას უწოდებენ.

„თუ გადავხედავთ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგს, იქ არის ერთ-ერთი ინდიკატორი „მთლიანი საგადასახადო განაკვეთი“. ამ რეიტინგში ვართ მესამე ადგილზე. გვისწრებს მხოლოდ ვანუატუ და ბრუნეი. ერთი არის მცირე სახელმწიფო, ხოლო მეორე, ასევე მცირე სახელმწიფო, ნავთობზე დამოკიდებული ქვეყანა. ანუ, ჩვენ ჩვეულებრივი ეკონომიკის ქვეყნებს შორის ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე გადასახადების სიმსუბუქის მიხედვით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა საპენსიო რეფორმაზეც. მისი შეფასებით, საპენსიო რეფორმა ისტორიული მნიშვნელობის რეფორმაა ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც აღიარებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია.

„საქართველოს სტუმრობდნენ საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები. სხვათა შორის, ორივე სააგენტომ, Fitch-მაც და Standard & Poor’s-მაც გააუმჯობესა ჩვენი შეფასება. მაგალითად, Fitch-ს პირდაპირ უწერია, რომ საპენსიო სისტემა არის ის რეფორმა, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში, იქნება საგარეო მოწყვლადობის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ქვეყანაში არსებული საპენსიო სისტემის პრობლემები და უსამართლობები. ამგვარ პრობლემებზე საპასუხოდ ყველაზე საუკეთესო, რაც მსოფლიოში გამოიგონეს, არის მრავალსვეტიანი საპენსიო სისტემა. სწორედ ეს არის ის, საითკენაც უნდა წავიდეთ ჩვენც. ბუნებრივია, ეს სისტემა გულისხმობს არსებული საბაზისო, უნივერსალური სვეტის შენარჩუნებას და მნიშვნელოვნად გაძლიერებას. მრავალსვეტიანი სისტემის მთავარი მიზანი იყო და არის, ფისკალურად მდგრადი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ საპენსიო შემოსავლებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის გავლენას ეკონომიკის განვითარებაზე ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან დაკავშირებით მომზადებულია საკმაოდ მოცულობითი ანალიზი.

„რეფორმას ექნება შემდეგი მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტები: ეკონომიკური ზრდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, პროდუქტიულობის ზრდა, საგარეო მოწყვლადობის შემცირება, შრომის ბაზრის ფორმალიზება, რესურსების უფრო ეფექტიანი გადანაწილება, კორპორატიული მმართველობის ხარისხის გაუმჯობესება და გრძელვადიანი დანაზოგებისა და გრძელვადიანი კაპიტალის შექმნა. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ საპენსიო რეფორმა გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკას გაზრდის 4 პროცენტით, ხოლო მიმდინარე ანგარიშს გააუმჯობესებს 2 პროცენტული პუნქტით“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის მოხსენების შემდეგ, კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კომპანია „ომეგასთან“ დაკავშირებულ დასმულ კითხვაზე ივანე მაჭავარიანმა განაცხადა: „ყველასთვის, ვინც ჩახედულია ამ სფეროში, საქმე არის ნათელი და უბრალოდ პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული ეს კითხვა. აქ იყო საქმე აღიარებულ საგადასახდო დავალიანებასთან. წლების განმავლობაში სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდზე ედგა და ხელს უწყობდა კომპანიას – 11-ჯერ იყო გრაფიკი, რომელიც დაირღვა და ა.შ. მერე იყო მოგონებული ვითომ რესტრუქტურიზაციის კომისია, რომელსაც შინაარსობრივი კავშირი არ აქვს თემასთან. ეს არის არგადახდის საბაბი. ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე შეხვედრის და საუბრის მერე, კიდევ მივეცი მუშაობის საშუალება, როდესაც უპირობოდ ჩაირიცხა რამდენჯერმე თანხა და ვთქვი, რომ მოიტანეთ მისაღები შემოთავაზება. „ომეგამ“ ერთადერთხელ მოიტანა საგადასახადო შეთანხმებაზე მოთხოვნა. მანამდე არასდროს შემოუტანია ასეთი მოთხოვნა. მე ვუთხარი, რომ ეს იყო სწორი გზა, მაგრამ შეთანხმება იყო გასაუმჯობესებელი და უკეთესი შეთანხმება უნდა მოეტანათ. ნორმალური საგადასახადო შეთანხმების მოტანა შეუძლიათ დღესაც, უბრალოდ, ის უნდა იყოს ჭკუასთან ახლოს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა პასუხი გასცა საბანკო რეგულაციებზე დასმულ შეკითხვასაც.

„ჩვენ, ძირითადად, ეროვნულ ბანკთან გვაქვს თანხმობა მთავარ პრინციპებზე და ხედვაზე. უმნიშვნელო განაკვეთებზე შეიძლება იყოს განსხვავება და ეს არის ნორმალური,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დეპუტატების კითხვები, ასევე, შეეხებოდა: სიღარიბეს, ეკონომიკურ ზრდას, საპენსიო რეფორმას, დედოლარიაზაციას, იპოთეკურ სესხებს და სხვა საკითხებს. კითხვა-პასუხის რეჟიმის ამოწურვის შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, ივანე მაჭავარიანმა ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.

„ჩვენს კომიტეტში კარგი ტრადიცია დამკვიდრდა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ღია ვართ ყველანაირი ტიპის მოსმენისთვის. ეს პარლამენტია და პარლამენტი არის ღია. ყველას შეუძლია დასვას კითხვები და გააჟღეროს თავისი პოზიციები. მინდა ჩემი პოზიცია გითხრათ, რომ ბატონმა ვანომ ყველა კითხვას ამომწურავი და სრული პასუხი გასცა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, არ იქნება სწორი, რომ არ აღინიშნოს ის პროგრესი და მიღწევები, რაც ფინანსთა სამინისტროს გააჩნია.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა შევეხო საპენსიო რეფორმას. ეს არის ფუნდამენტური ფინანსური რეფორმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს სჭირდება. სხვა ალტერნატივა ამ მიმართულებით არ არსებობს. მეორე საკითხი – საბანკო რეგულაციები და ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული საკითხებია. ჩვენ და ცენტრალურ ბანკს ეს რეფორმები რომ არ გაგვეკეთებინა, შეიძლება ჩამოყალიბებული გქონოდა სისტემური საფინანსო რისკი. ეს ნაბიჯები არის გადადგმული ამ რისკის პრევენციისათვის. სხვა საკითხია, სხვანაირად როგორ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ცენტრალური ბანკი არის დამოუკიდებელი და მიმართულება, რაც აქვს ბანკს, მხარდაჭერილია უპირველეს ყოვლისა კომიტეტისგან, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საბიუჯეტო პროცესებზეც.

„2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პროცესზე პასუხისმგებელია ბატონი მაჭავარიანი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასიგნებები, რომელიც ჩვენ გვაქვს 13 მილიარდ 90 მილიონი ლარია, რაც უპრეცედენტო ციფრია. 2018 წელთან შედარებით, წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯავს 630 მილიონი ლარით მეტს. ეს არის ის ციფრი, რომელიც მათ უნდა შეასრულონ. გარდა ამისა, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტია და მხოლოდ განათლებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე და სოციალურ სფეროზე ამ 13 მილიარდიდან გათვალისწინებულია 5 მილიარდ 562 მილიონი ლარი, რაც მთლიანი ფუნქციონალური კლასიფიკაციით თითქმის 47%-ია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 13 მილიარდ 90 მილიონ ლარს ეს ქვეყნა დახარჯავს და ეს ფინანსთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს. დიდი მადლობა ბატონო ივანე იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0