საერთაშორისო სავალუტო ფონდის მზადყოფნა ბიზნესის განვითარებაში

28/02/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ, სამწლიან გეგმას, საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, საპენსიო რეფორმას და კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს.
„ვისაუბრეთ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის საქართველოს ფისკალური პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა. სოფლის მეურნეობის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი, რასაც მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს.
იგეგმება მიწის რეგისტრაციის უფრო გააქტიურება, თუმცა მივიჩნევთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ამ ქვეყანაში უფრო სწრაფი და დინამიური რომ იყოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკანონმდებლო ინიციატივების უფრო აქტიურ იმპლემენტაციას.
ასევე ვისაუბრეთ საპენსიო რეფორმაზე, კაპიტალის ბაზრის შექმნაზე. მივიჩნევთ, რომ ბიზნესს კომერციული ბანკებიდან სესხის აღების გარდა, უნდა ჰქონდეს წვდომა ასევე, კაპიტალის ბაზართან, დამატებითი რესურსის მოსაძიებლად.
მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები. რადგან ქვეყნის პრეზიდენტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უმუშევრობის დონის შემცირებას და დასაქმების ზრდას, მიიჩნევს რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საჭიროებს ხელშეწყობას.
ეს საკითხი იყო კრიტიკულად განხილვის თემა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი გამოთქვამს მზადყოფნას, იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ქვეყნის ეკონომიკის ზრდის გეგმა, სავალუტო ფონდის მიხედვით, დაახლოებით 3-3,5 %-ია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს რეალურია, თუმცა მნიშვნელოვანია ამ ყველაფერთან თანხვედრაში იყოს როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკა“, – განაცხადა მაია მელიქიძემ
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0