საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა, გადაიდო. ცვლილება, რომელიც კანონში შედის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. კანონპროექტის განხილვამდე პროცედურებთან დაკავშირებით, დეპუტატების მხრიდან განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სახალხო დამცველმა ბიუროს მიმართა თხოვნით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კენჭისყრა არ შედგეს მანამ, სანამ პარლამენტი ომბუდსმენს არ მოუსმენს.

„სახალხო დამცველის თხოვნას დავეთანხმეთ. შესაბამისად, კენჭისყრა ჩატარდება პარასკევს, დილით. მანამდე გვექნება ომბუდსმენის მოსმენის საშუალება. ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. თავის დროზე, ჩვენ მივმართეთ ვენეციის კომისიას, ვადებთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, ვადებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა კანონმდებლების მოსაზრება.

„ვენეციის კომისიამ სამშაბათს წარმოადგინა რეკომენდაციები და გვაქვს სრული შესაძლებლობა, კენჭისყრამდე თითოეული რეკომენდაცია ავსახოთ ამ კანონპროექტში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, რეკომენდაციებისა და გამოთქმული შენიშვნების შესაბამისად შეჯერებული, საბოლოო ვარიანტი დაეგზავნებათ დეპუტატებს.

„კენჭისყრამდე თითოეულ დეპუტატს გექნებათ კანონპროექტის საბოლოო ტექსტი“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრებს.

სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეთანხმების შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩასწორებული ტექსტი , 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვამდე დარიგდება.

Visited 65 times, 1 visit(s) today