საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფი ექვსი თვე მუშაობდა

22/06/2017

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფი ექვსი თვე მუშაობდა.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპულ მაუწყებელთა კავშირმა დადებითი დასკვნა დადო.
„აქამდე, ექვსი თვის განმავლობაში, არც ერთი ჯგუფის მხრიდან არაფერი მიგვიღია. მოსაზრება რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით იმ ჯგუფისგან მივიღეთ, რომელიც სამუშაო პროცესში ჩართული არ იყო, მაგრამ ამ მოსაზრებებს ვეცნობით. ინიცირება იმას ნიშნავს, რომ განხილვის პროცესი გაგრძელდება. ეს ჯგუფი ექვსი თვე სხვადასხვა ფორმატში მუშაობდა და ევროპულ მაუწყებელთა კავშირის დადებითი დასკვნა გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია. მათ შორის, რეკლამასთან დაკავშირებით. რაც კანონში წერია, ეს სწორი და სამართლიანი არ არის და მაუწყებლისთვის საქმიანობაში ხელისშემშლელია. ამაზე გვესაუბრებოდა ევროპის მაუწყებელთა კავშირი, როცა დასკვნაში დაწერა, რომ რასაც ვაპირებთ, ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. იმედი მაქვს, რომ შენიშვნები პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე არ იქნება“, – განაცხადა ბესელიამ.
ცვლილებები, რომლის ინიცირება პარლამენტში მიმდინარე კვირას მოხდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნას ითვალისწინებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0