საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მთავარი პროკურორი აირჩია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავარ პროკურორად, ფარული კენჭისყრით, 101 ხმით, 2-ის წინააღმდეგ შალვა თადუმაძე აირჩია. საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის 2018 წლის 4 ივლისიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, განსახილველად ერთი საკითხი იყო წარმოდგენილი – საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევა.
საკითხის განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომლის დროსაც ოთხი მეშახტე დაიღუპა და მათი ოჯახის წევრებს პარლამენტის სახელით მიუსამძიმრა. პარლამენტის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეების ხსოვნას.

„დაიღუპა 4 მეშახტე, რაც არის ტრაგიკული მოვლენა თითოეული ჩვენგანისთვის, მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ტყიბულელებს, სრულიად საქართველოს. ეს ტრაგიკული შემთხვევა არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი და ასევე, მინდა, მოგახსენოთ, რომ არის კონკრეტული ზომები მისაღები იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს. მე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა ყოველთვის სწორი პოზიცია. თქვენ გახსოვთ ჩვენი პოზიცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, თქვენ გახსოვთ ჩვენი კომისია საპარლამენტო მუშაობის პროცესში, თუმცა, მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ ჩვენ არ მოგვცა სწორი ზომების მიღების საშუალება და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება, რაც არის სამწუხარო და ეს საჭიროებს სასწრაფო ცვლილებას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შახტის დახურვის თაობაზე პრემიერმინისტრის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება პრინციპული და სწორი იყო.

„მე მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან სწორი პოზიცია დააფიქსირა პრემიერმინისტრმა, ბატონმა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც მიიღო პრინციპული და ძალიან სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება შახტის დახურვის თაობაზე, ვიდრე არ იქნება გამოძიებული ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული ამ ტრაგიკულ მოვლენებთან, თუმცა, ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციები დღესვე მთავრობასთან იმისთვის, რომ მიღებულ იქნას ძალიან ქმედითი ზომები იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ლიბერტარიანული მიდგომა, რომელსაც „ქართული ოცნება“ 2012 წელს დაუპირისპირდა, მმართველი გუნდის მთავარი ღირებულებას ეწინააღმდეგება.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი ღირებულება უნდა იყოს ადამიანი და ლიბერტარიანული მიდგომა სწორედ ამას უპირისპირდება, განსაკუთრებით, შრომის უსაფრთხოების სფეროში.

„ჩვენ 2012 წელს დავუპირისპირდით ბევრ რამეს, რაც არ მოგვწონდა წინა ხელისუფლებაში და ერთ-ერთი ეს იყო ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას. ასეთი მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ მთავარ ღირებულებას, რომელზეც ჩვენ ვაფუძნებთ ჩვენს პოლიტიკას – ეს არის ადამიანი. ადამიანი უნდა იყოს მთავარი ღირებულება ჩვენს პოლიტიკაში და ამას პირდაპირ უპირისპირდება ყოველგვარი ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც შეიძლება იყოს გამოვლენილი, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების სფეროში. ეს არის პირადად ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი და უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალოს და განხორციელდეს კონკრეტული ცვლილებები შრომის უსაფრთხოების სათანადოდ დასაცავად ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან პრინციპული მნიშვნელობის საკითხი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სხდომაზე განსახილველი საკითხი მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ გამოიტანა და პარლამენტის წევრებს საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატის – შალვა თადუმაძის ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო.
მან ასევე უპასუხა პარლამენტის წევრთა კითხვებს მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკაშირებით და განაცხადა, რომ შალვა თადუმაძე, მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, პროფესიულად მიუდგება გამოუძიებელ საქმეებს, რისი თქმის საფუძველსაც ზოგადად საქმისადმი მისი მიდგომა და პროფესიონალიზმი იძლევა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის საპასუხოდ, ნათია მიქელაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, სამართლიანად წარიმართა და შერჩევის პროცესიც გამჭვირვალე იყო.
თანამომხსენებელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პარლამენტს გააცნო კომიტეტის დასკვნა და განაცხადა, რომ კომიტეტმა უმრავლესობით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანდიდატურას.

„სამწუხაროა, რომ კომიტეტის სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, ვინაიდან ეს იყო კარგი შესაძლებლობა კითხვების დასმის და პასუხების მიღების“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რაც შეეხება კანდიდატურის შერჩევის პროცესს, იგი განხორციელდა კანონმდებლობაში 2012 წლის შემდეგ განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც ექსპერტირებული და მოწონებული იყო ვენეციის კომისიის მიერ.

ეკა ბესელიას ინფორმაციით, პარლამენტი „პროკურატურის შესახებ“ ახალ კანონპროექტზეც მუშაობს, და ცვლილებები იმ სტანდარტებს ეხება, რომელიც კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარეობს და რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.
ეკა ბესელიას განმარტებით, ეს ცვლილებები: გენერალურ პროკურორს მისცემს ახალ მანდატს; პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გავა და დამოუკიდებელი ორგანო გახდება; მას არც ერთ აღმასრულებელ შტოსთან ბმა არ ექნება და ერთადერთი ბმა ექნება პარლამენტთან.
ეკა ბესელიას განცხადებით, ეს საკანონმდებლო ინიციატივა რეალურად დამოუკიდებელს გახდის გენერალურ პროკურორს.
ეკა ბესელიამ წარმოდგენილ კანდიდატურაზეც ისაუბრა და კოლეგებს შალვა თადუმაძის პროფესიული ბიოგრაფიიდან და შრომითი საქმიანობიდან კონკრეტული ეპიზოდები გააცნო.

„შალვა თადუმაძემ იცის, რა არის ადვოკატის საქმიანობა, იცის რა არის სტანდარტი, რომელიც უნდა ჰქონდეს პროკურატურას. იცის, რას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები. თავად გაუვლია რა არის უსამართლო მართლმსაჯულება, რა არის უსამართლო გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის დევნის ორგანოში. გაუვლია რთული გზა და მოვიდა აქამდე. ამიტომ, მე შინაგანდ ვარ თავისუფალიც, თამამიც, როდესაც ამ შეფასებებს ვაკეთებ და მჯერა, ხმას მივცემ იმ ადამიანს, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს ამ უწყებაში, რას უნდა ემსახუროს და რა არის ის მთავარი ღირებულება, რისთვისაც უნდა დათანხმდე ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. სწორედ ის, რომ ის ადვოკატობიდან მიდის პროკურატურაში ეს ითვლება საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ერთ-ერთ კარგ სტანდარტად იმიტომ, რომ ყველა მხრიდან უყურებდეს ის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს. პროკურატურა სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ დაიცვას სწორედ ადამიანის უფლება, ებრძოლოს დანაშაულს, წარმოადგინოს დაზარალებულის ინტერესი და დაიცვას საჯარო ინტერესსა და ადამინის უფლებების პირად ინტერესს შორის ბალანსი. მე ამას ვუსურვებ მთავარ პროკურორს, რომ იყოს ამ უფლებების სადარაჯოზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროკურატურის სიძლიერე, მისი მსახურება ადამინის უფლებებისთვის, რომ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ საუბარი არის თუ არა ამ ქვეყანაში სამართალი. ჩვენ სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით, ამ იდეით მოვედით და ეს არის ჩემთვის, ერთი ადამიანისთვის ამ პარლამენტში ყოფნის მთავარი საზრისი – ვემსახუროთ ადამინის უფლებებს და პასუხი გაეცეს წარსულში ჩადენილ ყველა დანაშაულს – ეს არ დამთავრდება, ვიდრე სამართალი არ აღსრულდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ და წარმატებები უსურვა მომავალ მთავარ პროკურორს.

ამის შემდეგ, საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის საკითხთან და წარმოდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით, პოზიციები დააფიქსირეს პარლამენტის ცალკეულმა წევრებმა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა.
ფრაქცია „ნციონალური მოძრაობის“ წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურა კრიტიკულად შეაფასეს. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის განცხადებით, ნაციონალების გამოსვლით კიდევ ერთხელ დასტურდება „საქართველოს პატრიოტების“ მიერ პარლამენტისათვის ამ ცოტა ხნის წინათ წარდგენილი რეზოლუციის აქტუალობა, რომლითაც ისინი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ შეფასებას ითხოვენ.
მან „საქართველოს პატრიოტების“ სახელით შალვა თადუმაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მთავარი პროკურორი, რომელიც სწორედ იმ მძიმე წლებში – ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იცავდა ადამიანის უფლებებს, საქმიანობას სამართლიანობის აღდგენით დაიწყებს.
თავიანთ გამოსვლებში შალვა თადუმაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს საპარლამენტო უმრავლესობასში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებმა.
დასასრულ, გაიმართა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგად, შალვა თადუმაძეს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა პარლამენტის 101-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო – 2 დეპუტატი.

Visited 121 times, 1 visit(s) today